შსს-მ ერთ-ერთი ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა
შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 1967 წელს დაბადებული გ.ა. წალკაში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.
“დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.