რასმუსენი: XXI საუკუნეში ღობეების მშენებლობის დრო არ არის

   აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიის შიგნით, ე.წ სასაზღვრო ზონის დროებითი გაფართოებით ნატოს გენერალური მდივანი ძალიან შეშფოთებულია, – ამის შესახებ ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატოს შტაბბინაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რასმუსენის თქმით, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
“ჩვენ შევნიშნეთ უკანასკნელი გადაწყვეტილება ე.წ სასაზღვრო ზონის დროებითი გაფართოების შესახებ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიის შიგნით საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ გადაწყვეტილებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში აღებული ყველა ვალდებულება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღობეების და სხვა დაბრკოლებების მშენებლობა მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. ეს ხელს უშლის მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და ცხოვრებას და ეს უნდა შეიცვალოს.
XXI საუკუნეში ღობეების მშენებლობის დრო არ არის”, – განაცხადა რასმუსენმა.
ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო, საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნატოს წევრი გახდება და ეს გადაწყვეტილება უცვლელი რჩება.
“იმ სამუშაოთი, რასაც ახორციელებთ, თქვენ ნატოსთან სულ უფრო ახლოს მიდიხართ და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად მუშაობას, რათა მიაღწიოთ ჩვენს საერთო მიზნებს”, – მიმართა რასმუსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები