ანდრეი რუდენკო: გახელაძის ამბავი ჩვენთვის მთავარი თემა არ ყოფილა

გახელაძის ამბავი ჩვენთვის მთავარი თემა არ ყოფილა. ჩვენთვის მთავარი თემაა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და ცეცხლის არგამოყენებაზე დოკუმენტზე შეთანხმება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„გულწრფელად გითხრათ, გახელაძის ამბავი ჩვენთვის მთავარი თემა არ ყოფილა. ჩვენთვის მთავარი თემაა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოება და ცეცხლის არგამოყენებაზე დოკუმენტზე შეთანხმება. თუ იქნება ამ კუთხით პროგრესი, მაშინ სხვა თემების მოგვარებაც მალე მოხდება. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით პროგრესი არ არის, თუმცა მონაწილეებს სურვილი გვაქვს ეს საკითხი გადავჭრათ.

გახელაძის საქმე განხილული იყო ფორმალურ შეხვედრებზეც და ორმხრივი კონტაქტების დროსაც. გახელაძის დაკავება არ მიეკუთვნება რუსეთის ფედერაციის კომპეტენციას. ეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტენციაა. ჩვენ მოვუწოდეთ ქართულ მხარესა და სამხრეთ ოსეთს, იპოვონ გამოსავალი. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ საკითხზე ჩვენ სხვა შეხედულება გვაქვს. ეფექტიან კონტროლს ჩვენ არსად ვახორციელებთ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მათ ხელისუფლებასთან უნდა გაარკვიოთ. ჩვენ არ ვცნობთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვიყენებთ ტერმინებს ოკუპირებული ტერიტორიები და არ მესმის, რაზე საუბრობთ. ცხინვალი არავის მიერ ოკუპირებული არ არის. გვაქვს შეთანხმება და ამ შეთანხმების საფუძველზე ვეხმარებით, მათ შორის სამხედრო კუთხითაც“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები