ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ვიქტორია ჰორვატთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, რომელიც ასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას საქართველოში.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს, ზოგადად, ქართულ-უნგრულ ურთიერთობებზე, საქართველოს პარლამენტის გეგმებზე, ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე, „ვიშეგრადის ოთხეულთან” ურთიერთობების ინტენსიფიკაციაზე, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე და უნგრეთის საელჩოსთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
ნიკოლოზ სამხარაძემ ვიქტორია ჰორვატს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში. „უნგრეთიდან საქართველოში ბევრი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა.
ყველა საერთაშორისო ფორუმზე, საკმაოდ დიდ დახმარებას ვიღებთ მათგან და უნგრეთი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ევროკავშირში ინტეგრაციასა და კონფლიქტების საკითხს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ.