გივი მიქანაძე ისრაელის ელჩს, რან გიდორს შეხვდა
ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ისრაელის ელჩს, რან გიდორს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებსა და საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას შეეხო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2015 წელს საქართველოში ვიზიტად მყოფი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმზე ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის თაობაზე. აღინიშნა, რომ ეს მემორანდუმი თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების კარგი საფუძველია.
მხარებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის თარიღთან დაკავშირებით და შესაბამისი ერთობლივი საიუბილეო აქტივობების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.
„2022 წლის 1-ელ ივნისს ხდება 30 წელი, მას შემდეგ, რაც დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის, ამიტომ, კარგი იქნებოდა, რომ არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და საელჩოების დონეზე, არამედ ორი ქვეყნის პარლამენტების დონეზეც გარკვეული ღონისძიებები დაგვეგეგმა და განგვეხორციელებინა არა მარტო საქართველოში ამ თარიღთან დაკავშირებით, ასევე, ისრაელში, რასაც ელჩი მიესალმა და სრული მხარდაჭერა გამოთქვა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. გივი მიქანაძემ ელჩს ქნესეთიდან საქართველოს მეგობრობის ჯგუფისა და წევრების ნომინირების დაჩქარებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობის თხოვნით მიმართა, რათა დროულად მოხდეს ორი ქვეყნის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კომუნიკაცია და გაცვლითი ვიზიტების დაგეგმვა. ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ისრაელის ქალაქ აფულასა და თელავის დაძმობილებასთან დაკავშირებით.
გივი მიქანაძის თქმით, მისი შუამდგომლობით კომუნიკაცია უკვე შედგა აფულას ვიცემერსა და კახეთის გუბერნატორს შორის, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ხელი მოეწერება ორი ქალაქის დაძმობილების მემორანდუმს.
„თელავი და აფულა დაძმობილდებიან. რითიც კიდევ მეტად გაღრმავდება ურთიერთობები ქალაქებს შორის, ხალხებს შორის, ქვეყნებს შორის, რაც მნიშნელოვანია ამ ისტორიული მეგობრობის გაგრძელებისთვის და კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მიმართულებით. შევთანხმდით, რომ უფრო ინტენსიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია გვექნება და ჩემი მხრიდან ელჩს აღვუთქვი 24-საათიანი მზაობა ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.