რა დაუშავა პუტინს ქალმა, რომელმაც, უბრალოდ, სუნამო ხელზე იპკურა

ერთ დღეს მამაკაცმა პარკში ძვირადღირებული სუნამოს ფლაკონი იპოვა და გადაწყვიტა, ის მეგობარი ქალისთვის ეჩუქებინა. ქალმა ბრენდი იცნო, გაუხარდა და მაშინვე ხელების მტევნებზე მიიპკურა… 15 წუთში კი ცუდად გახდა, თავი აუტანლად ასტკივდა. მეგობარმა მამაკაცმა სასწრაფო დახმარების სამსახური მალე გამოიძახა, რადგან ქალი უკვე ვეღარც დგებოდა – დონ სტერჯესი აბაზანაში ტანსაცმლით იწვა. ეს 30 ივნისი იყო, 2018 წელი, ქალაქი კი, რომელშიც მოვლენები განვითარდა, სოლსბერის მახლობლად მდებარეობდა. მამაკაცს, რომელმაც მეგობარ ქალს უბრალოდ ნაპოვნი სუნამო აჩუქა, ჩარლზ როული ერქვა. რამდენიმე საათში კლინიკაში გადაყვანა მასაც დასჭირდა.

„როცა ფლაკონში თავისი გამფრქვევი მოვათავსე, სითხის ნაწილი ხელებზე მომხვდა, მაგრამ ხელები გამდინარე წყალში მაშინვე დავიბანე. ზეთოვანი სუბსტანცია იყო, სუნამოს სურნელი ვერ ვიგრძენი. ხელების დაბანის შემდეგ კი ამაზე აღარც მიფიქრია. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა”, – ჩარლზ როული იმ საბედისწერო დღეს განვითარებულ მოვლენებს ახლა ასე იხსენებს.
ერთ კვირაში 44 წლის დონ სტერჯესი, რომელმაც უბრალოდ სუნამო მიიპკურა, საავადმყოფოში დაიღუპა. როული გადარჩა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თვეების განმავლობაში საკმაოდ მძიმე იყო, დაბრმავდა კიდეც, ექიმებმა უთხრეს, რომ ძველ ცხოვრებას ვერასოდეს ვერ დაუბრუნდებოდა.

რატომ და რით მოიწამლნენ ეს ადამიანები და რა შუაში იყო სუნამო, ეს, დაახლოებით, 1 თვეში გახდა ცნობილი. დადგინდა, რომ ეს შემთხვევა რუსული სპეცსამსახურის მიერ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლას უკავშირდება. როგორც ვიცით, ყოფილი რუსი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია სოლბერიში, პარკის სკამზე გონებადაკარგულები 2018 წლის 4 მარტს იპოვეს. ექიმებმა, საბედნიეროდ, მათი გადარჩენა შეძლეს, ჩატარებული გამოძიებით კი დადგინდა, რომ სკრიპალები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა – ალექსანდრ მიშკინმა და ანატოლი ჩეპიგამ მოწამლეს. მათ ეს ნივთიერება სკრიპალის სახლის კარის სახელურს მიასხურეს, რის შემდეგაც ფლაკონი, რომელიც პარფიუმერულ ნაწარმად იყო შენიღბული, უბრალოდ, მოისროლეს. ის კი სწორედ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, ჩარლი როულიმ იპოვა და თავის მეგობარ ქალს აჩუქა. სწორედ ამგვარად შეიწირა რუსულმა სპეცსამსახურმა იმ ქალის სიცოცხლე, რომელსაც უბრალოდ საჩუქრის მიღება გაუხარდა. და ფაქტია, მხოლოდ დიდი გამართლებაა, „ნოვიჩოკმა“ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანი რომ არ დაღუპა.

იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთის ოფიციალური სტრუქტურების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ზუსტად გამოავლინა ის, თუ კონკრეტულად ვინ ჩაიდინა დანაშაული, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ ზუსტად გაშიფრა ნივთიერება და დანაშაულის მოტივებიც ყველასათვის ცნობილი გახდა, რუსეთის სახელმწიფომ დღემდე არ აგო პასუხი ამ ტრაგედიის გამო; არა და, სწორედ სკოტლენდ-იარდის მიერ უმაღლეს დონეზე ჩატარებული გამოძიებაზე დაყრდნობით განაცხადა იმჟამინდელმა პრემიერმა, ტერეზა მეიმ, რომ „ეს არ იყო უბრალოდ დანაშაულებრივი ოპერაცია. დიდი ალბათობით, მის ჩატარებაზე თანხმობა ГРУ-ს გარეთ, რუსეთის ხელისუფლების დონეზე იყო გაცემული.“ პრემიერისა და მისი მთავრობის ამ შეფასებას მთელმა მსოფლიომ დაუჯერა, ეს პოზიცია გაითვალისწინა და ერთხმად დაუწესა რუსეთს სადამსჯელო სანქციები, ყველა პროგრესულმა სახელმწიფომ გამოხატა თანაგრძნობა და სოლიდარობა, მათ შორის საქართველოც იყო…

ვლადიმერ პუტინმა და მისმა ხელისუფლებამ ამ საყოველთაო აღშფოთებასა და სოლიდარობას დაცინვა, ლანძღვა და სიტყვიერი სიბინძურე დაუპირისპირა. რუსული სპეცსამსახურის – ГРУ-ს თანამშრომლები – მიშკინი და ჩეპიგა რუსული პროპაგანდისტული არხის ეთერში დასხდნენ და ფართოდ „გულუბრყვილო“ გამომეტყველებით შეეცადნენ, დაემტკიცებინათ, რომ უბრალო ტურისტები არიან, რომ სოლსბერიში ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად იყვნენ და ადამიანების მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
დღეს ის საცხოვრებელი სახლი, სადაც 3 შვილის დედას, დონ სტერჯესს ბედნიერი ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა, აღარ არსებობს. იქ ცხოვრება არავის აღარ შეეძლო და მას დემონტაჟი გაუკეთეს.. შესაძლოა, არაა შორს ის დროც, როცა იმ რეჟიმის დემონტაჟიც მოხდება, რომელმაც ამ ქალბატონსა და უამრავ სხვა უდანაშაულო ადამიანს მომავალი, ჯანმრთელობა და სიცოცხლე წაართვა.

ნათია ლაგვილავა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები