მიხეილ სარჯველაძე: როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო თანამდებობიდან გადადგომა, არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება შეაფასა.
მისი თქმით, თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებს არ უნდა დაუკავშირდეს.
„როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო. არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება ახლა მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ. არ შემიძლია, იმ ცრუ და არასწორ ბრალდებებს არ გამოვეხმაურო, რომელიც დასკვნის სახით მიიღო პირადად თამარ ჟვანიამ. ეს მართლაც მძიმე დარტყმა იყო, რადგან, დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გარდა, ამ მიმართულებას დიდი პროპაგანდისტური მხარდაჭერა ჰქონდა. საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი თამარ ჟვანიამ ამ გამოწვევას და უზრუნველყო, რომ ინსტიტუციამ სწორად და გამართულად იფუნქციონირა, რაც დასაფასებელია. ყველაფერს ფარდა აეხადა და გამოვლინდა, რომ თამარ ჟვანიას მიმართ გახმოვანებულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი და დასაყრდენი არ ჰქონდა. რაც შეეხება მის გეგმებს, ბუნებრივია, მოლოდინი არავის არ ჰქონდა, რომ მის მიმართ მიმართული უსაფუძვლო ბრალდებების ნიაღვარს შედეგი ექნებოდა, რა თქმა უნდა, არც ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია არ მიიღებს ამ ბრალდებათა წრეს მხედველობაში, როცა ისაუბრებენ თამარ ჟვანიას შესაძლებლობებსა და კვალიფიკაციაზე. მისი გადაწყვეტილების შესახებ რაიმე ინფორმაცია არ მქონია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.