კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2021-2022 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.
ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველ მოსწავლეებს რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 4 ივლისამდე აქვთ, -ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგისტრაციისთვის მოსწავლე ერთ-ერთ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად უნდა გამოცხადდეს ლიცეუმში და საბუთების მიმღებ კომისიას წარუდგინოს ვებ-გვერდზე (https://bit.ly/3gMVMcs) მითითებული საჭირო საბუთების ჩამონათვალი.
მოსწავლემ ლიცეუმში ჩასარიცხად რეგისტრაცია, გამოცდები და სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. გამოცდები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდება ზოგად უნარებსა და მათემატიკაში როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში.
მოსწავლემ ზოგადი უნარებისა და მათემატიკის ტესტირებაში დაწესებული ჯამური მაქსიმალური ქულის 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ბარიერგადალახულ მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხობრივ კვოტას, უპირატესობა მიენიჭება რეიტინგის მიხედვით მაღალი შეფასების მქონე მოსწავლეს.
ლიცეუმში შექმნილია მოსწავლეთა შერჩევისა და მიღების კომისია, რომელსაც კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პერსონალთან მუშაობის განყოფილების უფროსი მაიორი მამუკა ოდიკაძე ხელმძღვანელობს. საბოლოოდ, კომისია ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა სიას 6 აგვისტოს გამოაქვეყნებს.
მოსწავლეთა მიღების კოორდინირებისა და გამჭვირვალობის მიზნით, კომისიაზე მოვლინებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდლობისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები, – აღნიშნულია ინფორმაციაში.