დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კომპანია „ფილიპ მორის საქართველოს“ განცხადებას პასუხობს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კომპანია „ფილიპ მორის საქართველოს“ განცხადებას პასუხობს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“თამბაქოს ინდუსტრიის კიდევ ერთი მცდელობა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება
Forbs Georgia-მ 2021 წლის 25 ივნისს გამოაქვეყნა კომპანია „ფილიპ მორის საქართველო“-ს განცხადება, სადაც აღნიშნული კომპანია თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ მის მიერ გამართულ ღონისძიებაზე საუბრობს და იმედგაცრუებას გამოხატავს თამბაქოს კონტროლის განმახორციელებელი სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების „მანიპულაციებზე“, რომლებიც თითქოს „ცდილობენ ხელი შეუშალონ თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ კონსტრუქციულ და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილ დისკუსიებს“.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უპირველეს ყოვლისა, ხაზს უსვამს, რომ ირონიულია თამბაქოს ზიანის შემცირებაზე ისაუბროს თამბაქოს ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა საერთაშორისო კომპანიამ, რომლის მიერ ხორციელდება ისეთი პროდუქტის წარმოება, რომელიც იწვევს მილიონობით ადამიანის დაავადებასა და სიკვდილს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს მოხმარებას ეპიდემიას უწოდებს. თამბაქოსთან ასოცირებული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება, რაც საერთო სიკვდილის დაახლოებით 13%-ია; 7 მილიონზე მეტი სიკვდილი თამბაქოს მოხმარების შედეგია, ხოლო დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი თამბაქოს არამწეველი მსხვერპლია, ვინც მეორადი კვამლის ზემოქმედების ქვეშ იყო[1]. საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო დრამატულია, ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება, რაც სიკვდილის შემთხვევების 22%-ზე მეტია და მათგან ყოველი მეხუთე პასიური მწეველი და 300 ბავშვია.
დღეს, COVID მსოფლიო პანდემიის დროს, მწეველები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე არიან, რადგან ამჟამად არსებული მონაცემები ცხადყოფს მნიშვნელოვან კორელაციას მწეველობასა და კორონავირუსული ინფექციის მწვავე გართულებებს შორის. რადგან COVID-19-ის სამიზნე ფილტვები და სხვა სასიცოცხლო ორგანოებია, როგორიც არის გული, თირკმელები და ა.შ., ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც აზიანებს ან ასუსტებს ამ ორგანოებს, ზრდის ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკს;[2] [3] იგივე ეხება ელექტრონულ სიგარეტს, გასახურებელ თამბაქოს პროდუქტებსა და პასიური მწეველობას.
„ფილიპ მორისი საქართველო“ თითქოს წუხს, რომ მიუხედავად თამბაქოს კონტროლის გაძლიერებული რეგულაციებისა, „საქართველოში 800 000 ზრდასრული მწეველია და ეს რიცხვი უკვე რამდენიმე წელია ფაქტობრივად უცვლელი რჩება.“ ამ დროს, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ 2016 წელს მწეველობის პრევალენტობა საქართველოში 31% იყო, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი 28.2%-მდე შემცირდა. ასევე შემცირდა ყოველდღურად მოწეული ღერების რაოდენობა 21.4 ღერიდან 18.6 ღერამდე[4]. შესაბამისად, მწეველობის მაჩვენებელს საქართველოში კლებადი ტენდენცია აქვს! ამასთან, საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება, რომ თამბაქოს კონტროლის მკაცრი რეგულაციების საფუძველზე თამბაქოს მოხმარება მკვეთრად შემცირდა მრავალ ქვეყანაში; როგორებიცაა აშშ, დანია, ნორვეგია და სხვები[5]. აქედან გამომდინარე, არგუმენტი „დღეს საქართველოში 800 000 ზრდასრული მწეველია, ეს რიცხვი კი უკვე რამდენიმე წელია ფაქტობრივად უცვლელი რჩება“ არ არის სწორი არც დღევანდელი და არც პროსპექტული შეფასებებით. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (85%) მხარს უჭერს თამბაქოს კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებას.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხაზს უსვამს, რომ თამბაქოს კონტროლის რეგულირებაზე მუშაობის პროცესში უდიდესი წვლილი აქვს არა კერძო და გაურკვეველი (ხშირად ინდუსტრიის მხრიდან მომავალი) წყაროებიდან მიღებული დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს, არამედ თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედ სამთავრობო და არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის და განსაკუთრებულად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს, რომელიც თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის სამდივნოს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო იზიარებს იმ დასავლურ გამოცდილებას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ბევრმა ქვეყანამ დააგროვა. საქართველოს თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა ეყრდნობა მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გამოცდილებას და ცდილობს მაქსიმალურად მიუახლოვდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას, რომელიც აღიარებულია როგორც თამბაქოს ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური „ინსტრუმენტი“.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ „ფილიპ მორის საქართველო“ საკუთარ განცხადებაში აპელირებს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლზე და აღნიშნავს, რომ კონვენციის მხარეებს, თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის დროს, ანგარიშვალდებულების და გამჭირვალობის ვალდებულება აქვთ. მათი თქმით, სწორედ ამის გათვალისწინებით ატარებს „ფილიპ მორისი საქართველო“ საჯარო დისკუსიებს და სხვა ღონისძიებებს თამბაქოსთან დაკავშირებით. აღნიშნულის პასუხად, განვმარტავთ, რომ ადგილი აქვს ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის არასწორ ინტერპრეტირებას და აღნიშნული მუხლი ეხება სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას თამბაქოს ინდუსტრიის რაიმე ფორმით ჩარევა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკაში. 2016 წელს ინგლისში მიღებული იქნა სასამართლოს გადაწყვეტილება თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ, სადაც ხაზი გაესვა, რომ თამბაქოს ინდუსტრია უნდა განიხილებოდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის განზრახ შემცვლელად, რომელიც მისი მნიშვნელოვანი კაპიტალისა და ორგანიზაციული რესურსების გამოყენებით ქმნის არასანდო და ყალბ მტკიცებულებებს.[6]
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს განმარტებით, 5.3 მუხლის სახელმძღვანელო მითითებებიდან გამომდინარე, საქმიანობა, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიის მიერ „სოციალური პასუხისმგებლობით“ არის გამართლებული, წარმოადგენს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიას, რომელიც განეკუთვნება კონვენციით აკრძალულ რეკლამირებას, პოპულარიზაციასა და სპონსორობას.[7]
„ფილიპ მორის საქართველო“-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ „სოციალური კვლევების ინსტიტუტმა“ მოიწვია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რათა ცენტრის წარმომადგენლები დასწრებოდნენ შეხვედრას“. ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ყოფილა მოწვეული და არც მისი რომელიმე წარმომადგენელი ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას. ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს ეკრძალება ინდუსტრიასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, რასაც უპირობოდ იცავს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრმა მაშინვე, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული შეხვედრის შესახებ, ოფიციალური წერილით მიმართა შეხვედრის ორგანიზატორს „სოციალური კვლევების ინსტიტუტს“, გააცნო ცენტრის პოზიცია, რომ ყოვლად დაუშვებელია მსგავსი სახის შეხვედრების გამართვა, გააფრთხილა რომ შეხვედრა ემსახურება თამბაქოს კონტროლის სფეროში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების არაეფექტურობაზე ხაზგასმას, რაც სავარაუდოდ, ეფუძნება თამბაქოს ინდუსტრიის არასწორად ინტერპრეტირებულ სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს; ასევე რეკომენდაცია მისცა გაემიჯნოს თამბაქოს ინდუსტრიას და არ ჩაატაროს მსგავსი შეხვედრები. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მოუწოდა კოლეგებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ექიმებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ოფიციალური განცხადების[8] სახით, რომ არ შეიძლება ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა, რადგან ჯანმრთელობასა და თამბაქოს ინდუსტრიას შორის არსებობს ფუნდამენტური ინტერესთა კონფლიქტი!
დასაფიქრებელია თუ რატომ შეიძლება თამბაქოს ინდუსტრიას უნდოდეს მწეველმა შეწყვიტოს მოწევა? ეს ხომ მისთვის დაკარგული რესურსია. შესაბამისად, მათ მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი „სარგებლის მომტანი“ აქტივობა თუ განზრახვა რეალურად შეიცავს ფარულ საფრთხეს.
თამბაქოს ინდუსტრიას ახალი პროდუქტები შემოაქვს არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპების განსახორციელებლად, არამედ საკუთარი მოგების მისაღებად.
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის აღსრულების შესაბამისი გაიდლაინების მიხედვით ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა მაღალი რეპუტაციის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი დაწესებულების დებულების მიხედვით, მოწევის ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენს თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის გამოყენებაზე სრული უარის თქმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პრონციპების დაცვა. შესაბამისად, ზემოხსენებული, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მასობრივი საინფორმაციო საშუალებით გავრცელება არის გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის ცალსახა რეკლამა/პოპულარიზაცია და უდიდეს რისკს წარმოადგენს მათი მოხმარების სტიმულირების კუთხით, განსაკუთრებით ახალგაზარდებში, არასწორად შეფასებული რისკების გამო.
- მართალია, 2020 წლის 7 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე “Philip Morris Products S.A“-ს მიანიჭა უფლება გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის გარკვეული მარკეტირება მოახდინოს, ზემოთხსენებული ავტორიზაციის გაცემასთან ერთად იმავე განცხადებაში, რომელიც „ფილიპ მორისი საქართველო“-ს აქვს გამოყენებული, გარკვევით წერია, რომ „მიუხედავად ამ ავტორიზაციისა, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი არ არის უსაფრთხო არც „FDA-ს მიერ დამტკიცებული“[9] – არ არსებობს თამბაქოს უსაფრთხო ნაწარმი. ის რომ ამ ნაწარმში მოდიფიცირებულია მავნე ქიმიური ნივთიერებების კონცეტრაცია, არ ნიშნავს, რომ მწარმოებელი უფლებამოსილია, ისეთი განცხადებები გაავრცელოს, რაც მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს, აფიქრებინებს, რომ ეს ნაწარმი FDA-ს მიერ არის რეკომენდირებული.
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლის 27 ივლისის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ გასახურებელ თამბაქოს ნაწარმში მავნე ქიმიური ნივთიერებების უფრო დაბალი კონცენტრაციის გამოყოფის მიუხედავად, ეს პროდუქტები არანაირად არ არის კვალიფიცირებული როგორც უვნებელი, და არც ისეთი ინტერპრეტაცია უნდა გაუკეთდეს, რომ თითქოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლები რისკის შემცველია. სინამდვილეში, გასახურებელ თამბაქოს ნაწარმში ზოგიერთი ტოქსიური ნივთიერება უფრო მაღალი შემცველობითაა და გასახურებელი თამბაქოს აეროზოლები ასევე შეიცავს ზოგიერთ ისეთ ტოქსიურ ნივთიერებას, რომლებიც ტრადიციულ თამბაქოს ნაწარმში არ გვხვდება. ამ ნივთიერებების ჯანმრთელობაზე გავლენა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. [10]
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ზემოთაღნიშნულ და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს 2020 წლის ივლისის განცხადებებში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ გასახურებელი თამბაქოს შედარებით ნაკლები ჯანმრთელობის რისკის შემცველ ნაწარმად წარმოჩინება მომხმარებლისთვის შეცდომაში შემყვანია, რადგან ეს ნაწარმი შეიცავს დამატებით ტოქსიურ ნივთიერებს. [11]
- თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის FCTC/COP8 (22) გადაწყვეტილების მიხედვით „…გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი იგივე თამბაქოს ნაწარმია და შესაბამისად ექცევა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით განსაზღვრული ყველა რეგულაციის ქვეშ“.[12] გადაწყვეტილება მოუწოდებს კონვენციის წევრ ქვეყნებს გაატარონ გასახურებელი თამბაქოს მოხმარების და მისი თითქოს ნაკლები ჯანმრთელობის რისკების შესახებ შეცდომაში შემყვანი განცხადებების პრევენციული ღონისძიებები და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელონ გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების, სპონსორობისა და პოპულარიზაციის სრული აკრძალვის ღონისძიებები.
აქედან გამოდინარე, სრულიად გონივრულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შეშფოთება თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მოწყობილ დისკუსიებთან თუ სხვა აქტივობებეთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს-და, საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ემსახურება. თამბაქოს ინდუსტრიის მთავარი ინტერესია რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახადოს დამოკიდებული საკუთარ პროდუქტზე, იქნება ეს ტრადიციული თამბაქო თუ თამბაქოს ახალი პროდუქტები. მათი ინტერესი ნაკლებად არის იმაზე ფიქრი თუ „რა არჩევანი აქვთ მათ, ვინც არ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას“. ამის დასტურია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1994 წელს კონგრესმენი ჰარი ვაქსმანის მიერ გამართული კონგრესის მოსმენები, სადაც 7 უმსხვილესი თამბაქოს კომპანიის პრეზიდენტები და აღმასრულებელი დირექტორები ფიცის ქვეშ აცხადებენ, რომ მათი რწმენით ნიკოტინი არ არის ადიქტიური ნივთიერება, მაშინ როდესაც ნიკოტინის ადიქციის და მავნეობის შესახებ ფართო მასშტაბის მტკიცებულებები ჯერ კიდევ 1964 წელს Surgeon General’s Report-ში გამოქვეყნდა[13]. შესაბამისად, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებები კონგრესზე იყო სიცრუე და ამის ვიდეო ჩანაწერიც არსებობს[14].
მთლიანობაში, თამბაქოს ინდუსტრიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები არის წმინდა მარკეტინგი, რაც მიზნად ისახავს შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს ისინი ღელავენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემებზე. სინამდვილეში კი, მალავენ საკუთარ როლს პრობლემის შექმნაში და ზრდიან საკუთარ მოგებას. ამის მიღწევას ისინი ახლა უკვე თამბაქოს ახალი პროდუქტის, როგორიცაა გასახურებელი თამბაქო, პოპულარიზაციით ცდილობენ. არ შეიძლება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ინფორმაციის გავრცელება თითქოს ეს პროდუქტები ნაკლებად მავნებელია მაშინ, როდესაც ამის მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს!
თამბაქოს ინდუსტრიის მთავარი წუხილი არის ის ფაქტი, რომ მაღალი შემოსავლის ქვეყნებში თამბაქოს კონტროლის მკაცრი პოლიტიკის გატარებით და ჯანმრთელობის ხელშეწყობის პრინციპების ფართომასშტაბიანი ეფექტური დანერგვით მწეველობის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად დაიკლო. თამბაქოს კონტროლის მკაცრი ზომები კი საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებშიც, რომელიც პოპულაციის მოწყვლადობის გათვალისწინებით, თამბაქოს ინდუსტრიის სამიზნე ქვეყნებია, ამცირებს მწეველების რაოდენობას. თამბაქოს ინდუსტრია რეალურად ღელავს იმაზე რომ უახლოეს პერიოდში მწეველების რაოდენობა კიდევ დაიკლებს და ისინი დაკარგავენ როგორც შემოსავალს, ასევე ძალაუფლებას. სწორედ ამის გამოძახილია სადავო განცხადება და ყველა ის ქმედება, რასაც კანონის გვერდის ავლით, უკანონოდ ან კანონში არსებული ხარვეზის დახმარებით ახორციელებენ.
და ბოლოს, „ფილიპ მორის საქართველო“-ს განცხადება „ჩვენი ამბიციაა, დავეხმაროთ 800 000 ზრდასრულ მწეველს საქართველოში, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ თამბაქოს კვამლისგან“ სრულიად მიუღებელია, რადგან „ფილიპ მორის საქართველო“-ს მთავარი მიზანი მათთვის მომგებიანი ერთი პროდუქტის (თუმცა მოძველებული) მეორე მომგებიანი პროდუქტით ჩანაცვლებაა.
ამჟამად საქართველოში ხელმისაწვდომია თამბაქოსთვის თავის დანებების რამოდენიმე საშუალება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს თავის დანებების ცხელი ხაზი (116001), სადაც მსურველს დახმარებას თამბაქოს თავის დანებების კონსულტირებას გაუწევენ სპეციალურად გადამზადებული პროფესიონალი ფსიქოლოგები. აღსანიშნავია, რომ ცხელი ხაზით სარგებლობა უფასოა. ასევე არსებობს თავის დანებების მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე ეფექტური, აშშ-ს კიბოს ინსტიტუტის მობილური აპლიკაციის ადაპტირებულ ვერსიას. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდზე, ასევე IOS-ზე და მისი ჩამოტვირთვა უფასოა. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი თანამშრომლობს ცენტრ „კოგნიტა“-სთან, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ფსიქოთერაპევტებით და წარმატებით ახორციელებენ მწეველების მხარდაჭერას თავის დანებების კოგნიტური ფსიქოთერაპიული ჯგუფების საშუალებით.
საქართველოს სახელმწიფოს კარგად აქვს გაცნობიერებული თამბაქოს მიერ გამოწვეული საზოგადოებრივ ჯანდაცვითი ზიანი, ყოველწლიურად 11 400 ადამიანი იღუპება, რომელთაგან ყოველი მეხუთე პასიური მწეველი და 300 ბავშვია. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ განხორციელებული თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის პირველი ეკონომიკური კვლევის, ე.წ. „საინვესტიციო შემთხვევის“ (Investment Case)[15] შედეგების მიხედვით თამბაქოსთან ასოცირებული ყოველწლიური ხარჯი 824.9 მლნ ლარია, რაც წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2.43%-ს შეადგენს. თამბაქოს კონტროლის ოთხი პრიორიტეტული ინტერვენციით, კერძოდ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის ოთხი პრიორიტეტული მუხლის აღსრულებით (1. თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა; 2. საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა; 3. თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის სრული აკრძალვა; 4. თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) 15 წლის განმავლობაში საქართველო თავიდან აიცილებს 53 100 ადამიანის გარდაცვალებას და 2033 წლისათვის 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს.
თამბაქოს კონტროლის მიმართულება განსაკუთრებით გაძლიერდა 2013 წლიდან, როდესაც საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბა თამბაქოს კონტროლის გაძლიერების სახელმწიფო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ მინისტრი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს თამბაქოს კონტროლის ეროვნულ საკონტაქტო ორგანოს და თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის სამდივნოს. კომისიამ შეიმუშავა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ იქნა თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგია და 2013-2018 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც გაგრძელდა და წელს მთავრობის მიერ დამტკიცებულ იქნა თამბაქოს კონტროლის ახალი 2021-2025 წლების სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა.[16] ამ პერიოდში დაიწყო სხვადასხვა კანონში ცვლილებათა პროექტების შემუშავება და, შედეგად, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ 2017 წლის მაისში დამტკიცებულ იქნა ახალი კანონპროექტები – კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსი. თამბაქოს ახალი კანონმდებლობა ძალაში შევიდა 2018 წლიდან. ქართული საკანონმდებლო რეფორმა სრულ თანხვედრაშია თამბაქოს კონტროლის სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვალდებულებებთან; და, ასევე, რაც მნიშვნელოვანია, სრულ შესაბამისობაშია ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნულ სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვადებულებებთან.
თამბაქოს კონტროლის გაძლიერების ძირითადი მიზანია: თამბაქოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება; თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირება; ამოცანებია: თამბაქოს მოხმარების გავრცელების ზრდის შეჩერება და თანდათანობითი შემცირება; მოწევის დაწყების მაჩვენებლის შემცირება; საზოგადოებრივ ადგილებში არამწეველთა დაცვა თამბაქოს კვამლისგან; მოწევის შეწყვეტის მსურველთა ხელშეწყობა თავი დაანებონ მოწევას და მწეველების ხელშეწყობა გაუჩნდეთ ძლიერი მოტივაცია თავი დაანებონ მოწევას.
თამბაქოს კონტროლის მრავალკომპონენტიანი და მულტისექტორული სახელმწიფო პოლიტიკის დანერგვა და განვითარება გრძელდება. აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კანონის ძალაში შესვლის პირველი ეტაპიდან დამოუკიდებელი მონიტორების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვის აღსრულება 96%-ს აღწევს და მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ამ რეგულაციას; მნიშვნელოვნად შემცირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მწვავე მდგომარეობების (მიოკარდიუმი ინფარქტი; ჰემორაგიული და იშემიური ინსულტი) სიხშირე. კარგად გვესმის, რომ 1-2 წელიწადში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ვერ გვექნება, ამას წლები ჭირდება, მაგრამ დასაწყისი იმედის მომცემია და არავის არ უნდა მიეცეს საშუალება ხელი შეუშალოს ამ პოზიტიური ტენდენციას. გამოწვევები კვლავ ბევრია და მათ დასაძლევად დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებდა და კვლავ განაგრძობს მუდმივ მონიტორინგსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვითი ღონისძიებების გაძლიერებასა და განვითარებას.
გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მკაცრი პოზიციაა, რომ „სოციალური კვლევების ინსტიტუტის“ და „ფილიპ მორის საქართველო“-ს მიერ დაგეგმილი ღონისძიება ემსახურება თამბაქოს ახალი ნაწარმების (გასახურებელი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი და სხვა) პოპულარიზაციას იმ გზით, რომ თითქოს იგი ნაკლებად მავნებელია ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით და თითქოს ის წარმოადგენს თამბაქოს ზიანის შემცირების ერთ-ერთ საშუალებას.
შესაბამისად, ყველას მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისაგან, მონაწილეობისა და ხელშეწყობისაგან! ნუ შეუწყობთ ხელს თამბაქოს პროდუქტების პოპულარიზაციას და თამბაქოს ინდუსტრიასა და ჯანდაცვის სექტორს შორის ინტერესთა კონფლიქტის გაღრმავებას, ნუ დადგებით სიკვდილის ინდუსტრიის მხარეს.
დამატებით ვაცხადებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ემიჯნება ყველა ორგანიზაციას და ინდივიდს, ვინც თანამშრომლობს თამბაქოს ინდუსტრიასთან ნებისმიერი ფორმით”,- ნათქვამია განცხადებაში.