„დავცემთ კარვებს, ლგბტ აქტივისტებს ჰუმანური მეთოდებით წავართმევთ პლაკატებს, ხელკავით გავიყვანთ მოედნიდან და არა – კომბლით“ – გურამ ფალავანდიშვილი
„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარის, გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ის თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს, მეტრო „რუსთაველთან“ კარვები გაშალოს და ლგბტ პრაიდს ხელი შეუშალოს.
ამის შესახებ ფალავანდიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ხვალ, 12:00 საათზე ევროკავშირის საელჩოსთან აქციას ვაპირებთ.
დასავლეთს არჩეული აქვს ბინძური სოდომური იდეოლოგია. გვაძალებენ, რომ საქართველოში ბილწი ჰომოსექსუალიზმი ნორმად იქცეს. სურთ, ლგბტ პრაიდი ჩაატარონ. ქართველი ერი გამოვდივართ ამის წინააღმდეგ.
1-დან 5 ივლისამდე, სადაც მათ რამე აქტივობა ექნებათ, ყველგან მივალთ, რათა ხელი შევუშალოთ. იმისათვის, რომ ლგბტ პრაიდი ჩაიშალოს და ბინძური მსვლელობა ვერ შედგეს, 4 ივლისის საღამოს კარვებით რუსთაველის მეტროსთან მივალთ, დავცემთ კარვებს. შევიკრიბებით, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი შვილების გარყვნა იქადაგონ“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.
მისივე თქმით, აქციაზე „შიშველი ხელებით“ იქნებიან.
„თბილისი პრაიდს არავინ დასდევს, თუ ქუჩაში პლაკატებით არ გამოდიან. იმიტომ არ დავუშვებთ მათ გამოსვლას, რომ ისინი საზოგადოებაზე ძალადობას აპირებენ.
შიშველი ხელებით და დიდი რაოდენობით დავიკავებთ იმ ტერიტორიებს, რომელზეც ლგბტ-ებმა უნდა გაიარონ. ჩვენს გვამებზე თუ გაივლიან, ისე არ ვაპირებთ წასვლას, არ დავუტოვებთ სივრცეს.
პლაკატებს არ გავაშლევინებთ, ჰუმანური მეთოდებით წავართმევთ პლაკატებს, ხელკავით გავიყვანთ მოედნიდან, არა რტყმევით, არა კომბლით, არა ტაბურეტკით“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.
‘ცნობისთვის, ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება „თბილისი პრაიდის“ განცხადებით, 5 ივლისს “ღირსების მარში” გაიმართება.
“ჩვენ გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახების წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებსა და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა.
ჩვენ სახელმწიფოსგან მოვითხოვთ: აწარმოოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა;
შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად; გამოიძიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.