ალუდა ღუდუშაური: ვფიქრობ, არ გვაქვს ბერკეტი, რომ ხელოვნურად გავაჩეროთ მოსამართლეების შერჩევის პროცესი და სასამართლოში კარი ჩავკეტოთ
“ვფიქრობ, არ გვაქვს ბერკეტი, რომ ხელოვნურად გავაჩეროთ მოსამართლეების შერჩევის პროცესი და სასამართლოში კარი ჩავკეტოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიური შტურმი მიმდინარეობს.
„ბუნებრივია, იმ კორპორაციას, რომელსაც სასამართლო ჰქვია და რომელიც არის ხელისუფლების დანაწილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი სფერო, ასეთ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიციისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, პირდაპირ კონკრეტულ მოსამართლეებზე, მთლიან სასამართლო სისტემაზე და მართლმსაჯულებაზე ხდება შტურმი და მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია რიგ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, უნდა გაეკეთებინათ განცხადება, მაგრამ ჩვენ სრული სურათის დანახვის შემდეგ გვექნება ჩვენი პოზიცია.
რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და ელჩების განცხადებებს, ჩვენ კვლავაც ვრჩებით ერთგული, როგორც აშშ-ის, ასევე მთლიანად ევროკავშირის და ვართ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობაში. ასევე, ჩვენი სტრატეგიული პრტნიორებისა და ელჩების მიმართ ძალიან დიდი პატივისცემით, ჩვენ გვმართებს ძალისხმევა, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ელჩებს იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე პროცესი არის სრულიად კანონიერი, სრულიად კონსტიტუციური და პირიქით, მე ვფიქრობ, არ გვაქვს ბერკეტი, რომ ხელოვნურად გავაჩეროთ და სასამართლოში კარი ჩავკეტოთ, ვთქვათ, წელიწადი და ორი წლის განმავლობაში, ვიდრე რეფორმა არ დასრულდება, მართლმსაჯულების პროცესი გავაჩეროთ. ეს არ იქნება მართებული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მოსამართლეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.