დიმიტრი გვრიტიშვილი: გავაპროტესტეთ ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ 

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეკრება დასრულდა.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმართულია სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ უნდა შეწყდეს.

“მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, რომელიც მიმართულია სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ და მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას.

ყურადღება გამახვილდა ისეთ მიუღებელ ფორმებზე, როგორიცაა სატელევიზიო კლიპებისა და სპეციალური ფილმების დამზადებაც და მიწოდება საზოგადოებისთვის, რისი მიზანიც ერთადერთია, რომ სასამართლო ხელისუფლებას, უსაფუძვლოდ შეელახოს იმიჯი ჩვენ საზოგადოებაში.

დავაფიქსირეთ მოთხოვნა ყველას მიმართ – სხვა სახელისუფლებო შტოები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სხვა ნებისმიერი სუბიექტი, ვინც ჩართულია, რამენაირი ფორმით პოლიტიკურ სამართლებრივ დისკუსიებში და აფიქსირებს საკუთარ მოწოდებებს და ულტიმატუმების ენით საუბრობს, მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა და მისი ხელყოფის მცდელობა”,- განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები