“ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ რეგიონების თანაბარი განვითარება გამოცხადდა”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ხუთასი მილიონი ლარი გამოიყო მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რომელიც მხოლოდ რეგიონებში უნდა დაიხარჯოს.
„რაღაც ტიპის პრიორიტეტები ყოველთვის იყო ერთი ამ ქვეყნისთვის: ეს არის საქართველოს გაერთიანება ნატო-ში, ევროკავშირში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის დაძლევა. ეს პრიორიტეტები რჩება პრიორიტეტებად, მაგრამ თუ უფრო ჩავუღრმავდებით, მაშინ ცვლილება არის ძალიან ბევრი. მაგალითად: ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ მიმდინარე ბიუჯეტის დამტკიცებისთვის, რომ გაზრდილიყო რეგიონების დაფინანსება, მაგრამ მაშინ ამას ვერ მივაღწიეთ. ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ რეგიონების თანაბარი განვითარება გამოცხადდა და ხუთასი მილიონი ლარი გამოიყო მხოლოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რომელიც მხოლოდ რეგიონებში უნდა დაიხარჯოს და ყველა რეგიონს თანაბრად უნდა შეეხოს. დღეს ასევე პრიორიტეტად ცხადდება ის, რომ მეცნიერება გახდეს მთავარი დარგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამაზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი, ეკონომიკა და საქართველოს სიძლიერე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.