საქართველოს თავდაცვის მინისტრი „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ მეთაურს, გიორგი რაზმაძესა და მის მოადგილეს, პაატა გიგაურს შეხვდა.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და თავდაცვის უწყებას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, რომელიც ახალგაზრდა თაობაში სამხედრო საქმის პოპულარიზაციასა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ლეგიონის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა 2020 წლიდან განსაკუთრებით გააქტიურდა და მათ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს მიმდინარე პროექტების განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. საუბარი შეეხო ლეგიონის საქმიანობის გაძლიერების სამომავლო გეგმებსაც.
თავდაცვის მინისტრმა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვა. თავდაცვის სამინისტრო და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“ 2016 წლიდან თანამშრომლობენ. თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ლეგიონს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად.
თანამშრომლობის ფარგლებში ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დისკუსიები და კონსულტაციები, – აღნიშნულია ინფორმაციაში.