„საქართველო განაგრძობს მისწრაფებას ნატოს წევრობისკენ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრისას საქართველოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობა, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და სამხედრო ალიანსთან დაახლოების საკითხები განიხილა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ რასმუსენთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ განვიხილეთ ჩვენი მისიის საქმიანობა ავღანეთში, სადაც საქართველო არის ნომერ პირველი კონტრიბუტორი ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მისიაში მონაწილეობას, რადგან საქართველოს აქვს სურვილი და შესაძლებლობა, იყოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების მონაწილე. ჩვენ,  სხვა 14 ქვეყნის მისიასთან ერთად, განვაგრძობთ ავღანეთში მსახურებას. ვისაუბრეთ რეფორმების შესახებ და საქართველო – ნატოს ურთიერთობის განვითარებაზე. საქართველო განაგრძობს მისწრაფებას ნატოს წევრობისკენ, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ევროატლანტიკური მისწრაფება მხარდაჭერილია საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის მიერ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალას, რომ განაგრძოს რეფორმები, რომელიც საქართველოს ნატოსთან დაახლოებს. „საგზაო რუკა, ისევე როგორც სხვა ინსტრუმენტები, დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმ მიღწევებზე დაყრდნობით, რაც უკვე გვაქვს, ნატოსკენ გზას დავუახლოვდებით “, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები