პუტინის განკარგულებით, რუსეთში ადამიანის ტვინში ჩიპების ჩანერგვის პროგრამაზე მუშაობენ

რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ახალ ფედერალურ პროგრამას – “ტვინი, ჯანმრთელობა, ინტელექტი, ინოვაციები 2021-2029 წლებისთვის”, რომლის ღირებულებაც 54 მილიარდი რუბლია.

ამის შესახებ რუსული “კომერსანტი” წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

პროექტი მოიცავს, მათ შორის, ნეიროინტერფეისების ტექნოლოგიების განვითარებას (brain-computer interface, BCI). ეს არის პროგრამულ-აპარატული სისტემების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც არის შესაძლებელი გარე მოწყობილობების მართვა (კომპიუტერის ან ეკზოჩონჩხის) უშუალოდ ტვინის ელექტრული სიგნალების გამოყენებით, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით გარდაიქმნება კონტროლის ბრძანებებად.

დოკუმენტი შემუშავდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად და დამტკიცდა ვლადიმერ პუტინის მიერ მარტში. პუტინმა კვლევა მიანდო პრემიერმინისტრ მიხეილ მიშუსტინსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის უფროს ანტონ ვაინოს.

პროექტის შემქმნელები საუბრობენ ტექნოლოგიების სამეცნიერო ბაზისა და მოწინავე პროტოტიპების მასობრივი წარმოების აუცილებლობის შესახებ. მაგალითად, დაგეგმილია “ადამიანურ-ტექნოლოგიური ინტერფეისების” შექმნა კომპლექსური სისტემების სამართავად(თვითმფრინავების, ბირთვული ელექტროსადგურების, მანქანების) როგორც უშუალოდ, ისე – დისტანციურად. ეს კი საშუალებას მისცემს ადამიანებს, მაღალი რადიაციის მქონე მიუწვდომელ ადგილებში, კოსმოსში და ა.შ. იმუშაონ. ასევე შეიქმნება ინტერფეისები, რომლებიც უზრუნველყოფენ “მიზნების დამოუკიდებლად ფორმირებას, სიტუაციების შეფასებას, მათი განვითარების პროგნოზირებასა და გადაწყვეტილების მიღებას”.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მასალა “კომერსანტში” გამოქვეყნდა, რუსეთის მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, რომ პროგრამა აღარ მუშავდება, რადგან ის მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული 2020 წლის ბოლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები