თამარ ტალიაშვილი: ბავშვები საქართველოს სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ პირდაპირ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ

„COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ბავშვების კეთილდღეობასა და მათ უფლებებს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს და აქედან გამომდინარე, ბავშვები საქართველოს სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ პირდაპირ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ”,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა, ასამბლეის სხდომაზე განაცხადა.

ასამბლეის საზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ბავშვთა უფლებებზე პანდემიის გავლენის შესახებ იმსჯელეს. თამარ ტალიაშვილმა ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფოს მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ბავშვების მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირება და სათანადო პრიორიტეტების განსაზღვრა. დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ანტიკრიზისულ გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ პირებზე.

პარლამენტის წევრმა ისაუბრა საგანმანათლებლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესახებაც და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაიწყო სატელევიზიო სწავლება ეთნიკური უმცირესობების ენებსა და ჟესტურ ენაზე.

„გლობალური პანდემიის ფონზე უწყვეტი განათლების პროცესის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასახელდა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.

ყოველივე ამ და სხვა წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ხარვეზები რჩება კომპიუტერთან უწყვეტი წვდომის, ხარისხიანი ინტერნეტისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებში. აღნიშნული პრობლემები განსაკუთრებით ხშირია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში.

ჩვენ გვჯერა, რომ განათლების უფლება არ არის სოციალური პრივილეგიის საკითხი. ამრიგად, სოციალური ხარვეზის აღმოსაფხვრელად, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დაიწყო საპარლამენტო მოკვლევა – COVID–19-ის გავლენა ზოგად განათლებაზე – რომლის მიზანია პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მექანიზმების შექმნა”,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საგანგაშოა სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხი, მათ შორის, ხელი შეუწყო სიღარიბის ზრდას, სამედიცინო მომსახურებისა და განათლების მიღების უფლებების დარღვევას.

„საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპის საბჭოს, იმოქმედოს ამ საკითხის შესაბამისად”,- განაცხადა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები