რა სიმპტომები აქვს ე.წ. ინდურ შტამს და რამდენი პაციენტია ინფიცირებული საქართველოში – ექიმის განმარტება
პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში, მაკა ბულეიშვილი ე.წ. ინდური შტამის სიმპტომებზე საუბრობს.
როგორც მან ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა, სწრაფი გავრცელების მიუხედავად, ვირუსის ეს ვერსია პაციენტებში მწვავე სიმპტომებით არ მიმდინარეობს.
“ქვეყანაში რამდენიმე დღეა, ვიცით ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ე.წ. ინდური შტამია დადასტურებული, 20 შემთხვევა, მათი კონტაქტები უკვე არის მოძიებული. ეს ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია მისი სისწრაფიდან გამომდინარე, რამდენადაც ვიცით, რომ ინდურ შტამს ახასიათებს საკმაოდ სწრაფი გავრცობადობა. ამიტომ, აქ არის ძალიან დიდი ყურადღება მისაქცევი იმასთან დაკავშირებით, როდესაც ხდება, პრაქტიკულად, ხვალიდან არსებული თითქმის ყველა რეგულაციის მოხსნა. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი, რომ არ დაგვავიწყდეს სოციალური დისტანცია და დახურულ სივრცეში აუცილებლად ვატაროთ პირბადე,” – აცხადებს მაკა ბულეიშვილი.
მისივე თქმით, ე.წ. ინდური შტამი დადასტურდა ასევე ორი ახალგაზრდის შეთხვევაში, რომელთაც მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ. ორივეს შემთხვევაში დაავადება საკმაოდ მარტივად მიმდინარეობდა. მისი თქმით, იყო გამოხატული თავბრუსხვევა, ასევე, თავის ტკივილი და სურდო.
“ამ ეტაპისთვის, მე რასაც ვაკვირდები, ვხედავ, რომ არცთუ ისეთი მწვავე სიმპტომებით მიმდინარეობს. იყო რამდენიმე პაციენტი, რომელთაც მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ, შემდგომ ისინი გადაგზავნილები იყვნენ ტესტირებაზე და ორ შემთხვევაში დადასტურდა ინდური შტამი, ზუსტად ის რომელიც ახლა მუსირებს ჩვენს ქვეყანაში. ეს პაციენტები კლინიკაში გადიან მკურნალობას და, შეიძლება ითქვას, გამოჯანმრთელებულები არიან. არანაირი პრობლემა გართულების თვალსაზრისით არ ჰქონიათ,” – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.