გიორგი ხოჯევანიშვილი: ჩვენ გვაქვს სახალხო ბიუჯეტირების საკანონმდებლო ინიციატივა
პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა მისი პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ აქტიურად ვიქნებოდით ორიენტირებული კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებზე, სხვადასხვა მიმართულებით კონკრეტული იდეების გაჟღერებაზე. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა, სადაც ერთ-ერთი მიმართულება ახალი რეგიონული პოლიტიკაა.
რეგიონული პოლიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ მივიღოთ უფრო მეტად დეცენტრალიზებული თვითმმართველობა, უფრო მეტი უფლებამოსილების მინიჭება თვითმმართველობისთვის, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების ეფექტურად გადაჭრა. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს სახალხო ბიუჯეტირების საკანონმდებლო ინიციატივა – სოფლის, დაბის, ქალაქის მოსახლეობის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში პირდაპირ და უფრო აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ინიციატივის ფარგლებში თითოეულ მუნიციპალიტეტზე კონკრეტული თანხის გამოყოფა მოხდება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გარკვეული პროცენტის ალოკაცია სწორედ ამ პროგრამაზე და მოსახლეობამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.