ხათუნა ლაგაზიძე: ობამას პრეზიდენტობიდან მოყოლებული, ამერიკა სრულიად აუხსნელად თმობს თავის პოზიციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის – ჩვენს რეგიონშიც
პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ჟენევაში გამართული შეხვედრა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში შეაფასა.
მისი თქმით, ობამას პრეზიდენტობიდან მოყოლებული, ამერიკა სრულიად აუხსნელად თმობს თავის პოზიციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის – ჩვენს რეგიონშიც.
“ჩვენ, დიდი ხანია, ვცხოვრობთ ვირტუალური საგარეო მოლოდინის პირობებში. დადგა დრო, ვაღიაროთ, რომ თუ გვინდა, სახელმწიფო გადავარჩინოთ, სწორედ რეალური პოლიტიკის თვალსაწიერიდან უნდა დავინახოთ და შევაფასოთ პროცესები, რეალური პოლიტიკა კი გვკარნახობს, რომ ბაიდენის პუტინთან შეხვედრის მთავარი თემა იყო ჩინეთი. განიხილეს ბირთვული შეთანხმებისა და განიარაღების საკითხები, იყო ლაპარაკი, რუსეთმა ხელი აიღოს მასშტაბურ კიბერშეტევებზე, ახსენეს რუსეთში დემოკრატიისა და ნავალნის თემა, ითქვა ისიც, რომ უკრაინის სიღრმეში რუსეთის შემდგომი ანექსია აღარ უნდა მოხდეს, თუმცა ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ დღეს აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი არის ჩინეთის შეკავება. აქ მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკურ ზრდაზე არ არის ლაპარაკი. სამწუხაროდ, პანდემიამ დარტყმის ქვეშ დააყენა მართვის დემოკრატიული მოდელი. ევროპის ქვეყნებშიც კი პანდემიასთან გამკლავების პირველმა თვეებმა ევროკავშირისა თუ ნატოს ეფექტიანობის მიმართ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. ეს მაშინ, როდესაც ჩინეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა ჰუმანიტარული დახმარებით თუ მართვის ავტოკრატიული მეთოდების წყალობით კოვიდს სწრაფად გამკლავებოდა და ამით დემოკრატიული მართვის სტილისთვის ალტერნატივა შეექმნა, რაც მანამდე სრულიად წარმოუდგენელი იყო. ამიტომაც ეს სერიოზულ გამოწვევად იქცა აშშ-ისთვის. ის, რაც იყო მისი ნოუ ჰაუ, მისი მთავარი ბერკეტი და ხიბლი – მართვის დემოკრატიული სტილი, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამიტომაც ამერიკისთვის ჩინეთთან კონკურენცია უკვე სხვა შრეებში გადავიდა. რა თქმა უნდა, რუსეთის შეკავებაც რჩება აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად, თუმცა ჩინეთის გათვალისწინებით, მან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ბაიდენის ევროპული ვიზიტი დიდწილად ემსახურებოდა ჩინეთთან საერთო პოლიტიკის შემუშავებას, იმას, რომ გაერკვია, ამ ფონზე რა როლი უნდა მიანიჭოს აშშ-მა ჩინეთს უახლოესი წლების საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში.
ბაიდენის პუტინთან შეხვედრის ერთ-ერთი ამოცანა ისიც იყო, რომ ჩინეთთან ურთიერთობის გარკვევის პარალელურად, გარკვეულიყო, შესაძლებელია თუ არა, ამერიკა რუსეთისგან მუდმივი რისკისა და საფრთხის წინაშე არ იყოს. გავიხსენოთ – მას შემდეგ, რაც ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის ამბავი გაახმაურა, რუსეთისგან არაერთი, არნახული მასშტაბის კიბერშეტევა მიიტანეს ამერიკის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რამაც ლამის ნახევარი აშშ ენერგომომარაგების გარეშე დატოვა. ეს, რა თქმა უნდა, იყო რუსეთის გამიზნული ნაბიჯი. მან კუნთები აათამაშა და სწორედ ამ შეხვედრის წინ ბაიდენს თავისი პოზიციები დაანახვა.
მოკლედ, დღეს აშშ-ის ამოცანაა, რუსეთთან ურთიერთობაში მეტ-ნაკლებად შეინარჩუნოს სტაბილურობა. შესაძლებელია თუ არა ეს პუტინის მმართველობის პირობებში? იმედია, ბაიდენმა ამ კითხვაზე პასუხი მიიღო, პროგრამა-მაქსიმუმი კი გახლდათ ჩინეთის მიმართ რუსეთის დამოკიდებულების გარკვევა, იმიტომ, რომ რუსეთი და ჩინეთი ტაქტიკური პარტნიორები კი არიან სხვადსხვა საკითხში, მაგრამ ისინი სტრატეგიული მოკავშირეები ვერ იქნებიან, რადგან რუსეთს ძალიან ეშინია ჩინური ექსპანსიის, განსაკუთრებით – საზღვრისპირა რაიონებში.
მოკლედ, ეს შეხვედრა ემსახურებოდა პოზიციების მოსინჯვას – რას შეიძლება ელოდოს ამერიკა რუსეთისგან ჩინეთთან დაკავშირებით.
როგორც ბაიდენმა თქვა, ამ შეხვედრის შედეგების მიღებას დრო დასჭირდება. ვნახოთ, იმედია, ამ შედეგებს ყველა ვნახავთ….
რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, მასში გაწევრებას უამრავი ბარიერი ეღობება, ამიტომ ყველაფერი სწორედ რეალური პოლიტიკის პრიზმაში უნდა დავინახოთ და ყოველდღიურად, რუტინულად ვიმუშაოთ ამის მისაღწევად. ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ და მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა გადადგეს ძალიან კარგი ნაბიჯი, როდესაც სწორედ ნატოს სამიტის წინ პარლამენტმა ერთიანი მიმართვა მიიღო, მაგრამ, ვფიქრობ, ეს დაგვიანდა. მე მას უკან მიდევნებული ლამპარი ვუწოდე, რადგან ზუსტად სამიტის წინ ასეთ განცხადებას ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვებოდა. ეს უნდა გაკეთებულიყო 6 თვის წინ მაინც. ამას ნაწილობრივ ხელი შეუშალა იმანაც, რომ პარლამენტმა სრულფასოვანი მუშაობა დროულად ვერ დაიწყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უკრაინის პრემიერის ვიზიტი და მისი და ჩვენი პრემიერის ერთობლივი განცხადებები. ასევე მნიშვნელოვანი განცხადებები მოვისმინეთ ამერიკელი კონგრესმენებისგან, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, თუ არ გვინდა, რომ პროცესები ისევ ამერიკას მოუბრუნდეს ცუდად, დროა, ნატოში უკრაინის და საქართველოს გაწევრებაზე ვიფიქროთო, თუმცა ეს განცხადებებიც დაგვიანდა. მაქვს იდეა, საქართველოსა და უკრაინის ინიციატივით გაკეთდეს ერთგვარი საპარლამენტთაშორისო ლობისტური ჯგუფი, რომელშიც შევლენ ნატოს წევრი ქვეყნების დეპუტატები, კონგრესმენები, გავლენიანი ექსპერტები, გადამდგარი თანამდებობის პირები, ვისთან ერთადაც იმუშავებენ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებები ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობასთან საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხებზე.
კიდევ ერთიც – შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას იძენს უსაფრთხების რეგიონული ფორმატები. მაგალითად, უმნიშვნელოვანესი მგონია საქართველოს, უკრაინისა და თურქეთის ერთგვარი რკალის შექმნა შავ ზღვაზე. ამ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების თავმოყრა დაიწყო, თურქეთმა როგორც სიტყვიერი, ისე მატერიალური დახმარება აღუთქვა უკრაინას, რითაც რუსეთის დიდი გულისწყრომა გამოიწვია. ეს ფაქტიც აჩვენებს, რა მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს შავ ზღვაში უსაფრთხოების ახალი კონგლომერატის შექმნა. ეს ვერ ჩაანაცვლებს ნატოს, მაგრამ ჩვენთვის უსაფრთხოების ზღუდედ შეიძლება იქცეს, მით უფრო, რომ ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია ერდოღანის იდეა “ექვსთა კავშირის” თაობაზე, რომელშიც მთავარ როლს შეასრულებენ თურქეთი, რუსეთი და ირანი. ამგვარ ფორმატში მონაწილეობა საქართველოსთვის ნიშნავს დასავლეთისგან გამიჯვნას, რაც მეტისმეტად სარისკოა. სხვადასხვა ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტისას ერდოღანმა ეს წინადადება კიდევ ერთხელ შესთავაზა საქართველოს პრემიერს, როგორც ამბობენ, ისეთი რაკურსით, თითქოს ეს იქნება საქართველოს რუსეთისგან დაცვისა და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების ფორმატი.
ვფიქრობ, საქართველომ ამ ფორმატში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, თუმცა ამის ალტერნატივად შეგვიძლია შევთავაზოთ საქართველოს, თურქეთისა და უკრაინის სამკუთხედი. მოკლედ, სასწრაფოდ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოების ახალ ფორმატებზე. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ჩინეთის გაძლიერებაც – მან 400 მილიარდის ინვესტიცია ჩადო ირანში. აშშ-ს ტყუილად არ ეშინია ჩინეთის გავლენის გაძლიერების. ის უპრეცედენტო ეკონომიკური შესაძლებლობებით შევიდა არა მხოლოდ აზიისა და აფრიკის ქვეყნებში, არამედ – სამხრეთ ამერიკაშიც კი. ირანში ამხელა ინვესტიცია ნიშნავს, რომ ჩინეთი ცდილობს, ფეხი მოიკიდოს ახლო აღმოსავლეთშიც, სადაც აშშ სულ უფრო სწრაფად კარგავს გავლენას.
ჩინეთის ინტერესები კავკასიის მიმართაც მზარდია, ასე რომ, ჩვენ სრულიად სხვა ეპოქაში გადავედით, როდესაც საგარეო პოლიტიკაში სრულიად ახალი პარადიგმები შემოდის. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ის არის, რომ სირაქლემას პოზა ავირჩიოთ და ეს მნიშვნელოვანი პროცესები არ შევიმჩნიოთ. ჩვენ გარშემო ძლიერი ქარტეხილი ატყდა, რომელიც კვლავაც გაგრძელდება. თუ დროულად არ დავიწყეთ ჩვენი ინტერესების პოზიციონირება და ჩვენვე არ მოვხაზეთ უსაფრთხოების ზღუდეები სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორობით, დიდია ალბათობა, რომ სხვა ქვეყნების ამბიციებმა გადაგვიყოლოს. სამწუხაროდ, ხშირად ძალიან დაგვიანებულ ნაბიჯებს ვდგამთ ან ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ არ ვაფასებთ – მაგრამ ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ჩვენ თუ პასიურები ვიყავით, სამაგიეროდ, უკრაინა იყო ზეაქტიური. ბოლო ორი თვის განმავლობაში ზელენსკი პირდაპირ ულტიმატუმის ენით ელაპარაკებოდა ბაიდენს, მაგრამ რა მიიღო შედეგად? საქართველოსგან განსხვავებული და განსაკუთრებული არაფერი, თუ არ ჩავთვლით, რომ ბაიდენ-პუტინის შეხვედრისას უკრაინა ახსენეს. მოკლედ, ბევრ რამეს ჩვენს პასიურობასაც ვერ დავაბრალებთ. ჩემი აზრით, ეს უფრო აშშ-ის პასიურობის გამოძახილია. ობამას პრეზიდენტობიდან მოყოლებული, ამერიკა სრულიად აუხსნელად თმობს თავის პოზიციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის – ჩვენს რეგიონშიც. დასავლეთმა პუტინის ასეთი აგრესიული, შემტევი და ეპატაჟური პოლიტიკის საპირწონედ დღემდე ვერაფერი მოიფიქრა. სანქციები, რომლებსაც რუსეთს უწესებენ, ისეთი არაპროპორციულია, რომ მათი საშუალებით რუსეთის შეკავება ვერ ხერხდება, ეკონომიკური და ენერგეტიკული ინტეგრაცია კი ისეთი მაღალია, უფრო მწყობრი და შემტევი საგარეო პოლიტიკისთვის დღეს დასავლეთი, სამწუხაროდ, მზად არ არის. რეიგანის, თეტჩერისა და კოლის ძლიერი პოლიტიკის ეპოქა წარსულს ჩაბარდა და როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს ცდა, ვიდრე დასავლეთში კვლავ ასეთი ლიდერები გაჩნდებიან”,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.