მამუკა მდინარაძე: შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაციები ჰქონდათ მინისტრებს

უნდა არსებობდეს ქვეყნის განვითარების დოკუმენტი, სწორი ხედვა და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვერ შეძლოს ამ პოზიტიური გეგმიდან გადახვევა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მდინარაძის განცხადებით, შეხვედრაზე ქვეყნის განვითარების გრძელვადიან გეგმებზე იმსჯელეს და მინისტრებმა ამაზე შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარადგინეს.

„მგონია, რომ ყველა ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, არა მხოლოდ ლოკალური პარამეტრებით, არა მხოლოდ მოკლევადიანი გეგმებით, არამედ პოზიციონირებდეს საზოგადოებასთან გრძელვადიანი ხედვის მიხედვითაც. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივა იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ გააჩნდეს გრძელვადიანი გეგმა ყველა მიმართულებით. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაციები ჰქონდათ მინისტრებს, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება, დღევანდელი ეს პრეზენტაციები და დისკუსია ამას მოწმობს, რომ განვითარების სწორ რელსებზე დამდგარი ქვეყანა კიდევ უფრო მეტი დინამიკით განვითარდეს, ამასთან დაკავშირებით არსებობდეს ერთი დოკუმენტი, არსებობდეს სწორი ხედვა და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში მომავალი პერიოდის განმავლობაში პირობითად, მან ვერ შეძლოს გადახვევა იმ პოზიტიური გეგმიდან, რასაც საფუძვლად ძალიან მყარი არგუმენტები ექნება.

მაგალითად, თქვენ იცით, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი საგარეო კურსის შესახებ, ეკონომიკური განვითარების გეგმებზე ვსაუბრობთ. ასევე, მომდევნო დღეებში იქნება რამდენიმე სიურპრიზი სხვადასხვა მიმართულებითაც, შემიძლია დაგიანონსოთ იმიტომ, რომ ამ ფარგლებში პრემიერი ამ საკითხებზე ილაპარაკებს. მაგალითად, ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც 2005-2006-2007 წლებში იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა თითქოს, მაგრამ ამავდროულად სიღარიბის მაჩვენებელი იზრდებოდა. ამაზე პასუხები ყველა ხელისუფლებამ ყველა დროში უნდა გასცეს, მის მოქმედებას საფუძვლად უნდა ჰქონდეს ასეთი გრძელვადიანი განვითარების გეგმები, რომლის გადახვევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობად უნდა უჯდებოდეს ნებისმიერს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვმსჯელობთ გრძელვადიან გეგმებზე, რომელიც საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს საქართველოს თითოეულ მოსახლეზე, მოქალაქეზე, მის საგარეო კურსზე და ა.შ.“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები