კულტურის სამინისტრო ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიას აწესებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ გამოაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით, კულტურის სამინისტრომ გაიზიარა პოეტ ზურაბ რთველიაშვილის თანამებრძოლი მწერლის, ირაკლი კაკაბაძის ინიციატივა და გადაწყვიტა, კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, საქართველოში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდეს. პირველი ასეთი ფესტივალი წელს, შემოდგომაზე გაიმართება. ფესტივალის პრემია გამარჯვებულ ხელოვანს ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეს, 16 ოქტომბერს გადაეცემა.

„2012 წლამდე, ზურაბ რთველიაშვილი ლექსითა და პერფორმანსით ებრძოდა უსამართლობასა და ხელისუფლების მიერ ადამიანის წინააღმდეგ სისტემურ დანაშაულებს. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მის ხელოვნებასა და ხსოვნას, და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ხელოვნება ყველა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუმარცხებელია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პერფორმანსის საერთაშორისო ფესტივალის საქართველოში დაფუძნება მნიშვნელოვანი სახელოვნებო სიახლეა. მისი მთავარი მიზანია, ქართული პერფორმანსის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით და უცხოელი პერფორმერების შემოქმედების გაცნობა ქართული საზოგადოებისათვის. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები, მუსიკოსები, მსახიობები, ვიზუალური და მულტიმედია არტისტები და სხვა ხელოვანები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, წარმოადგინონ პერფორმანსები.

საქართველოს კულტურის სამინისტროში ჩატარებულ ბრიფინგს, მინისტრთან ერთად, ესწრებოდნენ ირაკლი კაკაბაძე – მწერალი, პენოქსფამის პრემიის ლაურეატი და პოეტი დათო ჩიხლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები