„ნახე პირველად ბაკურიანში“ – ქართული კინოს ფორუმს ბაკურიანი მესამედ უმასპინძლებს

 25-30 ივნისს, ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, ბაკურიანი ქართული კინოს ფორუმს მესამედ უმასპინძლებს. ფორუმის სახელწოდებაა – „ნახე პირველად ბაკურიანში“ და იგი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს შესთავაზებს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეები რეგულაციების დაცვით ნახავენ უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს (სულ 20-მდე ფილმს). მათ შორის იქნება: ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი რეჟისორის – ზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევრი „ანტონი“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შერჩეული და უკვე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ფილმი –  „დასაწყისი“ (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი), ასევე საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული დოკუმენტური ფილმი – „მოთვინიერება“ (რეჟისორი სალომე ჯაში) და ალექსანდრე კობერიძის ფილმი –  „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, რომლის მსოფლიო პრემიერაც წელს გაიმართა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ბაკურიანის კინოფორუმს დაესწრებიან: კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები. კინოჩვენებების გარდა, ფორუმის სტუმრებს „შემოქმედებითი ევროპა” შესთავაზებს პროგრამის პრეზენტაციასა და საინტერესო დისკუსიებს ქართულ კინემატოგრაფში მიმდინარე პროცესებზე.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან შპს „ემ თი ეი “ , „შემოქმედებითი ევროპა“ , სასტუმრო „კრისტალი“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები