ჯულია სანიკიძის სოლო შოუ გაიმართება

17 ივნისს, 14:00 საათზე, „რუმს ჰოტელ თბილისში“, ვიზუალური ხელოვნების საკონსულტაციო კომპანია „რიჩ არტ ვიზუალი“, გალერეა „ვერესთან“ თანამშრომლობით, ახალგაზრდა ხელოვანის, ჯულია სანიკიძის სოლოშოუს წარადგენს. გამოფენაზე ხელოვანის მხატვრული სამყარო, გამორჩეული ხედვა და შემოქმედებით ძიებაა წარმოდგენილი.
„ჯულია სანიკიძე ახალ სტილს ამკვიდრებს მხატვრობაში. მისი „მოჩითული ფიგურები” მიღმიერი, წარმოსახვითი სამყაროდან განსხეულებულად ბრუნდებიან მნახველთან. აქ ორნამენტის არქაული გაფორმებითი მნიშვნელობა კონცეპტუალური გადაწყვეტა ხდება – დაჩითვა ეს მხატვრის გამიზნული ვიზუალიზაცია და მისი შემოქმედების ნიშან-სიმბოლოა. ამგვარად მოჩითული სამყარო მეტაფორული კოდირების ნაცვლად ხელოვანის პერსონიფიცირებულ ხედვაზეა აგებული.
ჯულია სანიკიძის ანიმალისტური ნამუშევრები ფრინველები და ცხოველები გაპიროვნების გზით ამყარებენ კავშირს რეალურ დროსთან. ამასთანავე, მხატვრის ფემინური უსახო, მაგრამ მოჩითული სხეულები ყოველგვარ კონკრეტულზე უარის თქმაა. ამგვარ უარყოფაში ფიგურატიული ფორმა ეგზისტეციალურ საწყისს უბრუნდება. სამყაროსთან მიბრუნება და ემოციური ღია კავშირის დამყარება საგრძნობია ხელოვანის სხვადასხვა მხატვრულ კომპოზიციაში. აბსტრაქტულ ტილოებსა და არაფიგურატიულ სერიებშიც ფერისა და ფორმის მგრძნობელობა ფიქრის, ემოციის საწყისად წარმოგვიდგება.
ჯულია სანიკიძის ძალზე სახასიათო შემოქმედება ხატოვან, მკაფიო ვიზუალურ ნიშნულებად იჭრება მნახველის ცნობიერებაში“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები