„ქართული ზღაპრები“ – გამოფენა ნიჟნი-ნოვგოროდში და შეხვედრა ვახტანგ ჯანიაშვილთან

ნიჟნი-ნოვგოროდში, გალერეა „ლუნაში“,  ქართველი მხატვრის ვახტანგ ჯანიაშვილის პერსონალური  გამოფენა – „ქართული ზღაპრები“ მიმდინარეობს. გამოფენა 22 ივნისამდე გაგრძელდება.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ქალთა საბჭო, საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლობა ნიჟნი – ნოვგოროდში.
17 ივნისს, 15:00 საათზე, ხსენებულ გამოფენასთან დაკავშირებით, საქართველოს ქალთა საბჭო „ზუმის“ ფორმატით შეხვედრას მართავს ვახტანგ ჯანიაშვილთან.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობენ: მაკა თაქთაქიშვილი, როზა კუხალაშვილი, თამარ შაიშმელაშვილი, ვლადიმერ ადვაძე, ქეთევან გაბრუაშვილი, იზოლდა მელიქიშვილი, ქეთი მატაბელი, ანა ტალანოვა, ვალენტინა მარჯანიშვილი, ნაზი სარჯველაძე.
ნოდარ სუმბაძე, არქიტექტორი, ხელოვნების დოქტორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი:
„ვახტანგ ჯანიაშვილი ფართო დიაპაზონის მხატვარია, რომელიც შესანიშნავად ფლობს ფერწერის, გრაფიკისა და ტრადიციული ქართული ტიხრული მინანქრის გამომსახველობით საშუალებებს.
მისი შემოქმედება ერთდროულად ტრადიციულიც არის და ავანგარდულიც, მხატვრობის ოჯახური ტრადიციების გამგრძელებელი იგი ერთგულებას იჩენს ქართული ფერწერის, ქართული კოლორისტიკის ტრადიციებისადმი, რაც სახელგანთქმული ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის კურსდამთავრებულის დამახასიათებელია, ამავე დროს, იგი ავლენს ევროპული ფერწერული ტრადიციებისა და, კერძოდ, რენესანსული ფერწერის ღრმა ცოდნას, რაც შემდგომში ამ ყველაფრის ორიგინალურ შემოქმედებით გადააზრებაში გამოიხატება.
ფანტაზია, დახვეწილი კოლორისტიკა, უნიკალური ზღაპრული მიკროსამყარო გამოარჩევს მის ახალ საგამოფენო პროექტს – „ქართული ზღაპრები“, სრულიად გამორჩეულს ქარული ზღაპრების ტრადიციული ილუსტრაციებისგან. ამ ილუსტრაციების გმირები არ ატარებენ ეროვნულობის მხოლოდ სტანდარტულ ვიწრო ეთნოგრაფიულ სახეს… ისინი ზოგადი ზღაპრული სამყაროს გმირები არიან, არეკლილი ეროვნული ტრადიციებით გაჟღენთილი ნიჭიერი შემოქმედის გონებასა და შემოქმედებით სულში…
მიმაჩნია, რომ ვახტანგ ჯანიაშვილის ეს საყურადღებო პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის განმტკიცების საქმეში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები