“ეს არის ყარსის ახალი შეთანხმება” – ალიევმა და ერდოღანმა სამოკავშირეო დეკლარაციას მოაწერეს ხელი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სამოკავშირეო ურთიერთობის შესახებ “შუშას დეკლარაციას” მოაწერეს ხელი.
როგორც ალიევმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა, “მნიშვნელოვანი დღეა ჩვენს ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში. ისტორიული დღე. ჩემს ძმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვმასპინძლობ”.
”პირველად ვართ ერთად ყარაბაღის მიწაზე, შუშაში. ამ ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან დღეს ხელმოწერილ დეკლარაციას, სამოკავშირეო დეკლარაციას, ჩვენი ურთიერთობები უმაღლეს დონეზე აჰყავს. დეკლარაციის სახელწოდებაა “შუშას დეკლარაცია სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ”. ის ყარსის ისტორიულ ხელშეკრულებას ეხება. ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია განსაზღვრავს ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს. არაერთხელ მითქვამს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი გლობალური მასშტაბით ყველაზე ახლო სახელმწიფოებია. გვაქვს შესაძლებლობა, ეს თანამშრომლობა განვავითაროთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
მისივე თქმით, ”დეკლარაციაში ასახულია ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხი. ეს არის ახალი გეოპოლიტიკური ვითარების შედეგი, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც თურქეთსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს რკინიგზითა და საავტომობილო გზით, ჩვენ ამ დერეფანს ვქმნით პრაქტიკული სამუშაოებით. ამ საკითხის ასახვა ერთობლივ დეკლარაციაში დიდი მნიშვნელობა აქვს ”, – განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა.