მიხეილ ჩხენკელი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მსურს, მოგილოცოთ 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება!
ვინაიდან პანდემიამ საგრძნობლად შეცვალა ჩვენი ცხოვრება და დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, თითოეულ ჩვენგანს მოგვიწია გამკლავება ვირუსის შედეგებთან.
ჩვენ მცდელობა არ დავიშურეთ, რომ პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილიყო და ერთობლივი ძალისხმევით ეს მოვახერხეთ. ძალიან მიხარია, რომ, საბოლოოდ, თქვენი საკლასო ოთახებში დაბრუნება შევძელით, მეგობრებისა და მასწავლებლების გარემოცვაში ყოფნა მართლაც ბედნიერებაა. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გამძლეობისთვის თქვენ და თქვენს მასწავლებლებს, რომლებმაც, დამეთანხმებით, დიდი შრომა გაწიეს, საქმისადმი ერთგულებით და მაღალი პროფესიონალიზმით შეძლეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.
იმედი მაქვს, რომ მომავალ სასწავლო წელს ისევ საკლასო ოთახებში შეხვდებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება. ხვალიდან საზაფხულო არდადეგები იწყება. მინდა, გისურვოთ კარგი და სასიამოვნო დასვენება მეგობრებთან, ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად”, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს.