„30 წელი – აბსტრაქცია და დეკადები“ – გამოფენა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში

18 ივნისს, 16 საათიდან, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში ახალი ექსპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა სახელწოდებით: „30 წელი – აბსტრაქცია და დეკადები“ მუზეუმის კოლექციის ფერწერულ ტილოებსა და „საქინფორმის“ დოკუმენტურ ფოტოებს აერთიანებს.
გამოფენის კურატორია კონსტანტინე ბოლქვაძე.
„ექსპოზიციაზე თითოეული მხატვრის ნამუშევარი წამოდგენილია, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განზოგადებული ქვეთავი, ანუ ეს აბსტრაქტული ნამუშევრები ხელოვანებში გარკვეული წინათგრძნობაც იყო დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. არჩეული ნამუშევრების ინტენსივობა და ექსპრესიულობა ყვება განვლილ გზას – საქართველოს უკანასკნელ 30 წელს.
ისტორიულ-ვიზუალური თხრობა მხოლოდ ემოციური და ასოციაციურია, არანაირი კონკრეტული აქცენტი ან პათოსური მუხტი – დამთვალიერებელი სუბიექტურად დანახულ – საქართველოს უახლეს ისტორიას აღიქვამს. დოკუმენტური მასალა უკიდურესად განზოგადებულია და პოეტური, თუმცა ფოტოები ასახავს რეალურ ფაქტებს.
ფოტოებისა და ფერწერული ნამუშევრების კომბინაცია წარმოადგენს უახლესი საქართველოს ინტერპრეტირებულ რეალობას. „საქინფორმის“ ფოტოარქივითა და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში დაცული აბსტრაქტული ნამუშევრებით წარმოიქმნება ერთგვარი „მოდელირებული დეკადები“, ჩვენი უახლესი ისტორიის ახალი რეალობა. მძიმე ისტორიული გამოცდილება საექსპოზიციო ფოტოებისა და აბსტრაქტული ფერწერული ნამუშევრების მთლიანობაში იკვეთება.
გამოფენის განზოგადებული სახვითი ენა დამთვალიერებელს სთავაზობს რეფლექსიის და კომუნიკაციის ზომიერ ფორმას. საქართველოს უახელესი ისტორიის გადააზრება ამ გამოფენაზე სიმბოლოებსა და მეტაფორებში ხდება“, – აღნიშნულია გამოფენის ინფორმაციაში.
გამოფენის მონაწილე მხატვართა და ფოტოგრაფთა სია:
• ჯიბსონ ხუნდაძე
• თემო ჯაფარიძე
• ალექსანდრე ბანძელაძე
• დუდა გაბაშვილი
• ოთარ ჩხარტიშვული
• ირაკლი ფარჯიანი
• ლეილა შელია
• იური ბერიშვილი
• გივი კიკვაძე
• შახვალად აივაზოვი
• ფელიქს კრიმსკი
• ბონდო დადვაძე
გამოფენის  ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებელს 18 ივლისამდე ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები