ბაიდენი: რუსეთის შეჭრა დონბასში და ყირიმის ოკუპაცია ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატო-ს წევრობის გზაზე უკრაინამ კორუფცია უნდა დაამარცხოს და რიგი რეფორმა გაატაროს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე თქვა.

“ეს დამოკიდებულია იმაზე, დააკმაყოფილებენ თუ არა ისინი კრიტერიუმებს. მათ უნდა დაამარცხონ კორუფცია, დააკმაყოფილონ სხვა მოთხოვნები, რათა დაიწყონ წევრობის გეგმის შესრულება. ამასობაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინას დავეხმაროთ რუსეთის პირდაპირ აგრესიასთან გასამკლავებლად. და ეს მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა იმის განსაზღვრას, შეუძლია თუ არა უკრაინას, ნატო-ს წევრი გახდეს, ეს დამოკიდებულია ალიანსზე. მაგრამ წევრი ქვეყნების დარწმუნება მოუწევთ და ეს ადვილი არ არის”, – თქვა ბაიდენმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა რუსეთის შეჭრა დონბასში და ყირიმის ოკუპაცია იმას, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდეს, ბადენმა თქვა: ”არა”.

”უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია იმაზე, აკმაყოფილებს თუ არა ის კრიტერიუმებს. ფაქტია, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ აქვს აღმოფხვრილი კორუფცია. მათ უნდა დააკმაყოფილონ სხვა კრიტერიუმები, რომ მიიღონ წევრობის სამოქმედო გეგმა”, – თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

მან გაიხსენა უმაღლეს რადაში რამდენიმე წლის წინ სიტყვით გამოსვლა, სადაც თქვა, რომ უკრაინას აქვს ისეთი შესაძლებლობა, რომელიც აქამდე არასდროს ჰქონია ისტორიაში.

”შევქმნათ ერი ჭეშმარიტად დემოკრატიულად არჩეული მთავრობით, არა კორუმპირებული, ოლიგარქების ხელმძღვანელობის გარეშე. და მე ხაზი გავუსვი, რომ ისინი ისტორიაში შევლენ, როგორც უკრაინის დამფუძნებელი მამები, თუ ამას ნამდვილად გააკეთებენ”, – თქვა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები