ზურაბ კაკაბაძის ახალი წიგნის წარდგენა „კავკასიურ სახლში“
7 ივნისს, 18 საათზე, „კავკასიური სახლი“ ცნობილი ქართველი მეცნიერის, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის მკვლევრის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ კაკაბაძის ახალი წიგნის წარდგენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტმა (ილიაუნი) გამოსცა.
წიგნის წარდგენისას მოხსენებებს წაიკითხავენ: მწერალი ირაკლი კაკაბაძე, ფილოსოფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი თათა ცოფურაშვილი, გამოცემის რედაქტორი გიორგი ხეოშვილი, პროფესორი გია ნოდია, პროფესორი გიორგი მაისურაძე და სხვები.
ზურაბ კაკაბაძე წლების განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ესთეტიკის განყოფილების გამგე; იკვლევდა ეთიკის, ესთეტიკის, დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის პრობლემებს; მისი ყველა გამოკვლევის ძირითადი მამოძრავებელია ადამიანის ბუნების რაობა და ბედი თანამედროვე სამყაროში; ამ საკითხების კვლევა დაიწყო ე. ჰუსერლის ფენომენოლოგიური ფილოსოფიის ღრმა ანალიზით, უჩვენა ამ მოძღვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე ადამიანის პრობლემის პოზიტიური ფილოსოფიური კვლევისათვის მისი გამოყენების შესაძლებლობანი.
პროფესორ კაკაბაძის ნარკვევთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებისა და ადამიანის მიმართების პრობლემას ეძღვნება; მისთვის ადამიანი ერის ორგანული ნაწილია, ერი კი კავშირშია მშობლიურ მიწასთან – გარემოს დიდი როლი ენიჭება ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ფორმირების სპეციფიკაში; მისი აზრით, რეალური ადამიანის, როგორც კონკრეტულ ბუნებრივ გარემოსა და კონკრეტულ სოციალურ წყობაში ჩამოყალიბებული თავისუფალი არსების, მიუკერძოებელი ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ასაბუთებს სამყაროს შემეცნებისა და, საერთოდ, საკაცობრიო კულტურის წარმატებული განვითარებისათვის ეროვნულ ენათა და ეროვნულ კულტურათა მრავალფეროვნების აუცილებლობას;
ავტორია ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, იაპონურ, პოლონურ ენებზე გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომისა.