“ფრანს 24”: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს

“ფრანს 24” ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე წერს.

როგორც გამოცემა წერს, აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედრო ტყვე უკვე გაათავისუფლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს.

“აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შაბათს აზერბაიჯანმა გაათავისუფლა მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო მომხდარი კონფლიქტის დროს დატყვევებული 15 სომეხი სამხედრო. სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან ამ ნაბიჯს ერევანი უპასუხებს კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით”,-წერს გამოცემა.

სტატიის ავტორის თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარმა კონფლიქტმა, რომელიც მთიანი ყარაბაღის საკითხის გამო 2020 წლის სექტემბერში დაიწყო, 6 კვირის განმავლობაში 6000-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა. ომი ნოემბერში დასრულდა, როცა რუსეთის შუამავლობით გაფორმდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ შეთანხმების საფუძველზე, სომხეთმა დათმო მნიშვნელოვანი ტერიტორიები, რომელთაც ის ათწლეულობით აკონტროლებდა. ავტორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ შაბათს „აგდამის რაიონში [ერთ-ერთი ტერიტორია, რომელიც სომხეთმა აზერბაიჯანს დაუთმო] 97000 ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღდმეგო ნაღმების რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სომეხი ტყვე გადასცა. სამინისტრომ ასევე მადლობა მოახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს, აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატ ფილიპ რიკერს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და შვედეთს, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანას, მოლაპარაკებებში წვლილის შეტანისთვის.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე ჩვენი ქართველი ძმებისა და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი ძმები თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე განცხადებით, მან მანამდე „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მეშვეობით“, მიაწოდა „აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკების გარკვეული რაოდენობა“. ღარიბაშვილის აპარატის განცხადების თანახმად, „გადაიდგა განსაკუთრებული ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად“.

ავტორი ასევე წერს, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი რანგის დიპლომატის განცხადებით, ხსენებული შეთანხმების განცხადებამდე, შარლ მიშელმა იშუამავლა „პარალელური ჰუმანიტარული ნაბიჯების“ მისაღწევად. მიშელის თანახმად, ეს იყო „პირველი ნაბიჯი ნდობის აღდგენისკენ და ევროკავშირი მზადაა ამ ძალისხმევის სრული მხარდაჭერისთვის“. ავტორის თქმით, ამ ნაბიჯს ასევე მიესალმება რუსეთი, რომელმაც ყარაბაღში მშვიდობისმყოფელები გააგზავნა. „შესანიშნავი სიახლეა, რომელსაც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. ჩვენ მივესალმებით ასეთ ნაბიჯებს“, – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაში.

“მთიანი ყარაბაღის რეგიონი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურად დანაღმულ ტერიტორიას ყოფილ საბჭოთა კავშირში. აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მთიან ყარაბაღსა და მის შემოგარენში ნაღმებისგან დაიღუპა 7 აზერბაიჯანელი მებრძოლი, 18 სამოქალაქო პირი, ასევე დაშავდა 110 ადამიანი. 1990-იანი წლების სისხლიანი კონფლიქტის დროს, ეს ტერიტორიები დაინაღმა როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური სამხედრო ძალების მიერ. დაძაბულობამ მნიშვნელოვნად იმატა გასული წლის მაისში, როცა სომხეთმა დაადანაშაულა აზერბაიჯანი [სომხეთის] სამხრეთის საზღვრის გადმოკვეთაში, ორი ქვეყნის საზიარო ტბის „ალყაში მოქცევის“ მიზნით. იმ პერიოდში ფაშინიანმა სამხედრო დახმარება ითხოვა რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ პუტინისგან. მოსკოვმა გამოხატა მეზობელთა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესში დახმარებისთვის მზადყოფნა. მაისში ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. ოდნავ მოგვიანებით ფაშინიანმა განაცხადა, რომ ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საზიარო საზღვრების დელიმიტაციასა და დემარკაციასთან დაკავშირებით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეთნიკურად სომეხი სეპარატისტები, მთიან ყარაბაღში გამოეყვნენ აზერბაიჯანს, ხოლო კონფლიქტმა, რომელიც ამ ნაბიჯს მოჰყვა, იმსხვერპლა დაახლოებით 30000 ადამიანის სიცოცხლე”,- წერს გამოცემა “ფრანს 24”.

https://www.france24.com/en/live-news/20210612-azerbaijan-releases-15-armenian-pow

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები