მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა
ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, იურაი ბლანარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-სლოვაკეთის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ასევე ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების პრიორიტეტულობას.
„მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაში არსებული პერსპექტივები, ასევე მრვალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგი.
ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან ერთად, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. მაკა ბოჭორიშვილმა მადლიერება გამოხატა სლოვაკეთის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო ევროკავშირთან დიალოგის გამოწვევებს და ამ მიმართულებით მუშაობის საჭიროებებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.