გიორგი კახიანი – BBC-ის ფილმზე: ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და პროვოკაცია, რასაც თავისი გათვლები აქვს
ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და პროვოკაცია, რასაც თავისი გათვლები აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი Live” BBC-ის ფილმზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ფილმის უკან დგას კონკრეტული ძალა, რომელსაც სურს საქართველოს დაშანტაჟება და ქვეყანაში მიძინებული საპროტესტო მუხტის გამოღვიძება.
„იქ, სადაც საუბარია კონკრეტულ სტატისტიკაზე ყველგან ვართ პირველები, მაგრამ იქ, სადაც საუბარია ვარაუდებზე, ზუსტად ისეთზე, რასაც დაეყრდნო BBC-ის ფილმი, იქ აღმოჩნდება, რომ თურმე საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა. რომ ვერც დაუშვებ ისეთი რამე მოვისმინეთ, რომ თურმე საქართველოში გამოყენებული იყო ისეთი ქიმიური ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს იყო გამოყენებული. ამას რა შეიძლება ვუწოდოთ? ვის სჯერა, რომ ეს სიუჟეტი ერთი კონკრეტული ჟურნალისტის მიერ იყო მომზადებული?! ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას კონკრეტული ძალა. ასეთ შეტევას აქვს თავისი გათვლები. ეს არის მცდელობა ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟების და ქვეყნის შიგნით მიძინებული და მისუსტებული საპროტესტო მუხტის გამოცოცხლების. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მძიმე ბრალდება მოვისმინეთ, არც ამას მოჰყვება რაიმე გამოსვლები, იმიტომ, რომ ამის არავის სჯერა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.