პოლიციამ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ზ.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თელავში, რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.ს.-მ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი – 2000 წელს დაბადებული ბ.ქ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაციც გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ჩხუბის დროს, ბრალდებულმა ზ.ს.-მაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. იგი საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.