ბექა დავითულიანი: ფაქტია, რომ მიშელის შეთანხმებას, ადრე თუ გვიან, ესენი, როცა ამას პოლიტიკურად ფასი აღარ ექნება, ხელს მოაწერენ, რომ მერე იკეკლუცონ

“ფაქტია, რომ მიშელის შეთანხმებას, ადრე თუ გვიან, ესენი, როცა ამას პოლიტიკურად ფასი აღარ ექნება, ხელს მოაწერენ, რომ მერე იკეკლუცონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ფაქტია და ყველა პირდაპირ ეთერში უყურებდა, რომ ნიკა მელია მოუწოდებდა მომიტინგეებს პარლამენტში შეჭრისკენ.

„ფაქტია ის, რომ ნიკა მელიას თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა, თორემ გირაოთი ნებისმიერ წამს შეეძლო გარეთ გამოსვლა. ფაქტია, რომ ევროკავშირმა, ევროკავშირთან აფილირებულმა ორგანიზაციამ როდესაც გადაუხადა მელიას გირაოს თანხა, ევროკავშირის ელჩმა სრულიად გასაგები განცხადება გააკეთა, რომ ევროკავშირი პოლიტპატიმრებში არ იხდის გირაოს თანხას და ესეც ასე უნდა იყოს გაგებული, როგორც ხდებოდა. ფაქტია, რომ ეს ხალხი, რომლებიც ახლა აქ სხედან, შვიდი თვე ქვეყნის ინტერესების ღალატს ეძახდნენ პარლამენტში შემოსვლას და დღეს ზუსტად ამ ღალატის პროცესში იმყოფებიან, თავისივე შეფასებით. ფაქტია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი მიზეზით, რის გამოც ამ ამნისტიას ბლოკავს, არადა ვერ ბლოკავს, მაგრამ ცდილობს რომ გააშავოს, არის ის, რომ ნიკა მელია არ ჩადგეს უხერხულ მდგომარეობაში და მას პოლიტიკურად არ მოუწიოს უარყოფა ამ ამნისტიის მასზე გავრცელების. ეს არის ფაქტი.

ფაქტია ისიც, რომ ამას პირდაპირ ვერ გვეუბნებიან და წინ აფარება უნდა ისევ ის საცოდავი ხალხის, დაზარალებულების, რომლებიც 20 ივნისს ისედაც დააზარალეს თავისი მოწოდებებით. აი, ეს არის ფაქტი და კიდევ ერთი რამეა ფაქტი, რომ ამ ხალხს, თუ ძალიან სწორად, ყველაფერზე მკაფიო პასუხი არ გავეცით და ასე რბილად და შემოვლით ველაპარაკეთ, ბევრი რამე დავუთმეთ, ესენი გადაწერენ საბოლოო ჯამში ისტორიას და ჩვენ ისევ მოგვიწევს ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრება, ჩვენ ისევ მოგვიწევს არშემდგარ საზოგადოებაში ცხოვრება და დემოკრატია ასე ვერ იმუშავებს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას, უნდა ერქვას მკაფიოდ და მერე უნდა ვისაუბროთ შეთანხმებებზე.

ფაქტია, რომ მიშელის შეთანხმებას, ადრე თუ გვიან, ესენი როცა ამას პოლიტიკურად ფასი აღარ ექნება, ხელს მოაწერენ, რომ მერე იკეკლუცონ. ამიტომ მივიღოთ, ყველა დავიღალეთ ამ დიდი ხნის რაღაც სჯა-ბაასით და შვიდთვიანი ამაო ნჯღრევით ამ ქვეყნის, მივიღოთ ის ამნისტია, რასაც ვფიქრობთ, რომ მისაღებია, ჩვენ ჩვენი მხრივ ვალდებულება შევასრულოთ და თვითონ რაც უნდა, ის უქნიათ, თავში ქვა უხლიათ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები