12 სპილო და 3 სპლიყვი, რომელთა მოგზაურობას მთელი მსოფლიო აკვირდება

სპილოების ჯოგი, რომლის გადაადგილების შესახებ ბოლო დროს მთელი ჩინური და მსოფლიო მედია საუბრობს, ტყეში დასაძინებლად გაჩერდა. მათ ახლა დრონების მეშვეობით აკვირდებიან.

15 გარეული სპილო, რომელთა შორის სამი სპლიყვია, მოგზაურობაში ჯერ კიდევ 15 თვის წინ გაემგზავრა. სპილოებმა მშობლიური ადგილები დატოვეს, ხოლო დანიშნულების ადგილი დღემდე უცნობია. მოგზაურობის დაწყებიდან უკვე 500 კილომეტრი გაიარეს. გზად სოფლებსა და ქალაქებსაც ესტუმრნენ.

ჩინური ტელეარხის, CGTN-ის ცნობით, იუნანის პროვინციის ხელისუფლებამ საქმეში 14 დრონი და 500-მდე ადამიანი ჩართო. ისინი ცხოველებს აკვირდებიან, კეტავენ გზებს და ცდილობენ, სპილოები უკან, სახლში დააბრუნონ.

ამ დრომდე ეს არ ხერხდებოდა, მაგრამ ახლა სპილოებმა გეზი შეიცვალეს და სახლის მიმართულებით დაიწყეს სვლა.

იუნანის სახანძრო ბრიგადის დაკვირვებით, ერთ-ერთი სპილო ჯოგს 4 კილომეტრით ჩამორჩა. საკუთარი რეკორდული მოგზაურობის განმავლობაში, სპილოებმა შეჭამეს და გათელეს იუანის ნათესები, დააზიანეს რამდენიმე ნაგებობა და შეაშინეს ადგილობრივი მოსახლეობა. ცხოველებსგან მიყენებული ზარალი მილიონობით დოლარს აღწევს.

რატომ დატოვეს მშობლიური ადგილი ინდურმა სპილოებმა, ჯერაც გაურკვეველია. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ჯოგის გამოუცდელმა ბელადმა ისინი არასწორ გზაზე წაიყვანა, სხვები ამბობენ, რომ სპილოები ახალი საცხოვრებელი საძებნად მიდიან.

გარეული აზიური (ინდური) სპილოები წითელი წიგნის ნუსხაში არიან შეყვანილნი. ჩინეთში სამასამდე ასეთი სპილოა, მათგან უმრავლესობა იუნანში ბინადრობს.

მეცნიერების თქმით, ასე შორს იუნანის სპილოები ჯერ არ წასულან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები