ფრანგ პროფესორს „რუსული სამყარო“ სასამართლოში დაუპირისპირდა

რუსული პროპაგანდისტული ქსელები მსოფლიოში ობობის ქსელივითაა მოდებული. ისინი მედიის, გავლენის აგენტებისა და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო შინაარსის მქონე ორგანიზაციების მეშვეობით მოქმედებენ. „რუსული სამყაროს“ იდეებით, ფაქტების სრულად ამოტრიალებითა და ადამიანების აზრით მანიპულაციებით ეს მძლავრი მანქანა  დაუღალავად მუშაობს. მიზანი ტვინების გამორეცხვა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა. მათ ფესვები ღრმად აქვთ ჩადგმული, მათ შორის, ევროპის ქვეყნებშიც, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან კრემლს არაერთი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.

ფენომენი – „რუსი თანამემამულეები“  იმ ადამიანების ერთობაა, რომლებიც რუსული პასპორტის ფლობასა და ზოგჯერ რუსული ენის ცოდნასაც კი საერთოდ არ გულისხმობს. სწორედ ამის საილუსტრაციოდ გამოდგება რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანლის, ლეონიდ სლუცკის სიტყვები – „რუსული სამყარო“  დიდი ძალაა, რომელსაც არ შეიძლება, რომ არ გაუწიონ ანგარიში დასავლეთის ქვეყნებმა და რომელიც თავის თავს კიდევ გამოაჩენს.“  და მართლაც, სწორედ ეს არის ის „რუსული სამყარო“, რომელიც თავის გამოჩენას ყველასა და ყველაფრის შთანთქმით მუდმივად ცდილობს. ამისთვის კი რელიგიას,  ლიტერატურას, მუსიკასა და ენას იყენებს. მაგრამ მაშინ, როცა კონკრეტულ პირებს კრემლის დიდი პროპაგანდისტული ქსელის ნაწილად ასახელებენ, ისინი ამას კატეგორიულად უარყოფენ, შეურაცხყოფად იღებენ და იერიშზეც კი გადადიან. მაგალითისთვის შეიძლება, მოვიყვანოთ საფრანგეთში მიმდინარე გახმაურებული სასამართლო პროცესი, რომელიც ფრანგი პროფესორის, მკვლევრის, სესილ ვესიეს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

პარიზის სააპელაციო სასამართლო სესილ ვესიესა და მისი წიგნის – „კრემლის ქსელები საფრანგეთში“ გამომცემლის მარი-ედიტ ალუფის წინააღმდეგ იმ საქმეს განიხილავს, რომელიც ცილისწამებას ეხება. პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვა 2019 წელს გაიმართა, მომჩივანები ვესიეს დაახლოებით ორ ათეულ მონაკვეთთან დაკავშირებით ედავებოდნენ. თუმცა, სასამართლო ვერდიქტის თანახმად,  დადგინდა, რომ მათ შორის ეპითეტი – „პროკრემლისტური“ არანაირად არ ახდენს  მათი ღირსებისა და პატივის შელახვას. მაშინ სასამართლომ ავტორი და გამომცემელი ერთის გარდა ყველა ბრალდებაში გაამართლა, თუმცა, 5 მომჩივანი უკმაყოფილოდ დარჩა, ახლა კი საბოლოო ვერდიქტი სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

საქმე ისაა, რომ თავის წიგნში სესილ ვესიე განმარტავს, თუ როგორ ვითარდება საფრანგეთში გავლენების ქსელები მედიის დახმარებით, კრემლის პოლიტიკური ინტერესების ლობირებითა და ფარული ფინანსირებით. აქვე შეიძლება, გავიხსენოთ  ფრანგი პოპულისტი პოლიტიკოსი – მარინ ლე პენი, რომლის პარტიამაც 2014 წელს საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად 9 მილიონი ევრო სესხის სახით რუსული ბანკისგან  აიღო. ამ ბანკის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენია.

სესილ ვესიე წიგნში ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კრემლის ქსელები ფრანგული პოლიტიკური ცხოვრების ყველა ფლანგზე. სესილ ვესიეს წიგნი პირველი მასშტაბური კვლევაა საფრანგეთში არსებული რუსული გავლენების შესახებ და რომელიც ერთი წლით ადრე გამოქვეყნდა, ვიდრე ამაზე ხმამაღლა საპრეზიდენტო კამპანიასთან მიმართებაში ალაპარაკდნენ. წიგნში მოყვანილია  კონკრეტული მაგალითები, დასახელებულნი არიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ და კრემლის პროპაგანდისტული ქსელის მონაწილეები არიან. სესილ ვესიე თავის კვლევაში ეყრდნობოდა მხოლოდ მედიასა და სხვა ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს კრემლი ფრანგ პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებსა და რუსულ დიასპორასთან. წიგნში აღწერილია ისიც, რომ „რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭო“-ს წევრები ყირიმის ანექსიის მხარდასაჭერად გამოდიან.

სასამართლო სხდომებზე ვესიე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი მიზანი იყო „ერთგვარი რუკის შექმნა და იმის ჩვენება, რომ ძალიან განსხვავებული ჯგუფები სხვადასხვა მიზეზების გამო ერთსა და იმავე კრემლისტურ ნარატივებს ავითარებენ და შემდეგ ეს ნარატივები  მაგალითად ჩვენი მეზობელი ქალბატონის სოციალური ქსელების გვერდებზე ხვდებიან, რომელიც რუსეთთან არანაირად არ არის დაკავშირებული“

რაც შეეხება მომჩივანებს, ესენი არიან: საფრანგეთში „რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭოს“ ხელმძღვანელი და ადგილობრივი „უკვდავი პოლკის“ დამფუძნებელი – გიორგი შეპელიოვი, ფრანგი მემარცხენეების ლიდერის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად მოძრაობა „სუვერენული რესპუბლიკის“ პრეზიდენტი – ჯორჯე კუზმანოვიჩი, მისი მეუღლე – ვერა ნიკოლსკი, რომელიც ალექსანდრე დუგინის შესახებ დისერტაციის ავტორია და ამავე დროს ფრანგული პარლამენტის ჩინოვნიკია, ასევე, შვეიცარიელი მწერალი – ელენ რიშარ-ფავრი და ბლოგერი – ოლივიე ბერუიე.  2019 წელს ჩატარებულ სასამართლოზე სესილ ვესიე და მისი გამომცემელი წიგნის ყველა იმ მონაკვეთთან დაკავშირებით გაამართლეს, რომელთა გამოც 5 მომჩივანი დაობდა. ერთ ეპიზოდში სასამართლომ ვესიეს ფულადი ჯარიმა დააკისრა, რომელიც მას ბლოგერ ოლივიე ბერუიესთვის უნდა გადაეხადა. ავტორი ვესიე  არ დაეთანხმა მოსამართლის გადაწყვეტილების ამ ნაწილს და ახლა თვითონაც აპელაციას მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ მომჩივან მხარეს წარმოადგენს ცნობილი და ძვირადღირებული ადვოკატი, ჟერემი ასუსი, რომელიც ასევე  იცავს რუსული პროპაგანდისტული არხის – RT-ს უფლებებს საფრანგეთში. და, ამ ფაქტის მიუხედავად, მაინც „ცილისწამებით“ აღშფოთებული 5 ფრანგი ამტკიცებს, რომ კრემლთან არაფერი აკავშირებთ.

როგორც ფრანგული პრესა წერს, მომჩივანები ცდილობდნენ, სასამართლო სხდომების დროს ეჩვენებინათ, რომ „კრემლის ქსელებთან“ არანაირი საერთო არ აქვთ. მაგალითად, ჯორჯე კუზმანოვიჩმა კითხვაზე, თუ რატომ აქვეყნებდა ვლადიმერ პუტინის ნახევრადშიშველ ცნობილ ფოტოებს თავის სოციალურ ქსელებში,  უპასუხა, რომ „ეს ასეთი იუმორი“ იყო. გიორგი შეპელიოვმა არ იცოდა, რა პასუხი გაეცა დაცვის მხარის კითხვაზე : „თვლით თუ არა, რომ რუსეთი იმ სახელმწიფოს ნიმუშია, სადაც შესაძლებელია, აზრების პლურალიზმი არსებობდეს?“; ასევე, მან ვერ შეძლო, აეხსნა სასამართლოსთვის, თუ რატომ იმართებოდა „რუსი თანამემამულეების“ რეგულარული შეხვედრები რუსეთის საელჩოში, რუსეთის ელჩის თანდასწრებით, რატომ ჩადიან მისი ორგანიზაციის  წარმომადგენლები რუსეთის მთავრობის წევრებთან შესახვედრად მოსკოვში და რა მიზნით შეხვდნენ 2018 წელს ვლადიმერ პუტინს.

წიგნის ავტორი, სესილ ვესიე ამტკიცებს, რომ შეპელიოვის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭო  არის ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურაში შედის. სასამართლო პროცესის იმ ნაწილში კი, რომელიც ბლოგერ ოლივიე ბერუიეს წინააღმდეგ სესილ ვესიეს ინიცირებით მიმდინარეობს,  ახალი მტკიცებულება გაჩნდა – ეს არის ბერუიეს ფოტო, სადაც ის სერგეი ლავოვთან ერთად არის აღბეჭდილი. შეხვედრა პარიზში, რუსეთის საელჩოში 2019 წლის ნოემბერში შედგა. ბერუიეს ადვოკატმა, ჟერემი ასუსმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ბერუიეს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება, მაგრამ ამაზე მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ  ეს შეხვედრა მედიისთვის ცნობილი არ ყოფილა და იმ დღეს არც პრესკონფერენცია გამართულა.

პარიზის სააპელაციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 24 ივნისს გამოიტანს. სესილ ვესიე „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში ამბობს, რომ ის, რასაც თავის წიგნში საფრანგეთის შესახებ აღწერს,  სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ხდება. თუმცა, ახლა მნიშვნელოვანი ის არის, რომ როგორც საფრანგეთში, ისევე სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში „რუსული სამყაროს“ მიმდევრებს უკვე ნაკლებად გამოსდით შენიღბვა, მათი ამოცნობაც უფრო მარტივი გახდა, შესაბამისად, კრემლის პროპაგანდა უფრო ნაკლები ზიანის მოტანას შეძლებს.

ლევან ანთაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები