პრემიერმინისტრი „სოლიდარობის ფონდს” დაარსებიდან 7 წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი „სოლიდარობის ფონდს” დაარსებიდან 7 წლისთავს ულოცავს.
როგორც მთავრობის მეთაური ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აღნიშნავს, ფონდი 7 წლის წინ, 2014 წლის 9 ივნისს მისი ინიციატივითა და მთავრობის სრული მხარდაჭერით დაარსდა და წარმატებით ემსახურება კეთილშობილურ მიზანს – ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის და დიაგნოსტირების დაფინანსებას.
„დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. 7 წლის წინ, 2014 წლის 9 ივნისს ჩემი ინიციატივითა და მთავრობის სრული მხარდაჭერით „საქართველოს სოლიდარობის ფონდი” დავაარსეთ. ჰუმანურობისა და სოლიდარობის ფასეულობებზე დაფუძნებული ორგანიზაცია 7 წელია წარმატებით ემსახურება კეთილშობილურ მიზანს – ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის და დიაგნოსტირების დაფინანსებას.
ათასობით საჯარო მოხელის, კერძო მეწარმისა და მოქალაქის ძალისხმევით შეგროვილი დაახლოებით 21 მილიონი ლარი, 832 ბენეფიციარი, 4000-ზე მეტი სამედიცინო სერვისი – არცთუ ისე დიდი დროისთვის, ვფიქრობ საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვებია. ამ რიცხვების უკან მრავალი გადარჩენილი სიცოცხლე და ბედნიერი ოჯახი დგას. დღეს კიდევ ერთხელ ვუხდი განსაკუთრებულ მადლობას “სოლიდარობის ფონდის” თითოეულ შემომწირველს. ეს დღე ჩვენი ერთიანობის დღეა, სიმბოლო იმისა, რომ სიკეთის კეთებისთვის გაერთიანებულ საზოგადოებას დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ კვლავ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ, ბევრ ოჯახს მოვუტანთ სიმშვიდესა და სიხარულს”, – წერს პრემიერმინისტრი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები