უვნებელი სურსათი ჯანმრთელი მომავლისთვის! 7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება
7 ივნისს „სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე“ სლოგანით – „სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ, 2019 წელს დაწესდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მისი მიზანია სურსათის უვნებლობის რისკების პრევენცია და მართვა. წელს მსოფლიომ მთავარ გზავნილად აირჩია „უვნებელი სურსათი ჯანმრთელი მომავლისთვის“. სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიმდინარე წლის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და ყურადღება მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე გაამახვილა.
„გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სურსათის უვნებლობის კუთხით სამინისტრო უწყვეტ რეჟიმში, თანმიმდევრულად მუშაობს და მნიშვნელოვანი პროგრესიც გვაქვს. რა თქმა უნდა, გამოწვევები ამ სფეროში ჯერ კიდევ რჩება. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის ის, რომ სურსათის უვნებლობა და უვნებელი სურსათი არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ეს არის მთლიანად საზოგადოების, თითოეული მეწარმის, შესაბამისი ასოციაციების პასუხისმგებლობა. უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია მივიღოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იზიარებს და ნერგავს მათ მიერ აღიარებულ სტანდარტებს. 2015-2020 წლებში, DCFTA-ის შეთანხმების ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან 146 სამართლებრივი აქტი დაახლოვდა. მიმდინარე წელს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან 10 650 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა) განხორციელდა. გამოვლინდა 888 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
მონიტორინგის ფარგლებში აღებულია 656 ნიმუში (ცხოველურ და არაცხოველურ სურსათში ნიმუშების კვლევა ხორციელდება სხვადასხვა პარამეტრზე, მათ შორის: სახეობრივი, აკრძალული ნივთიერებები, მძიმე მეტალები, პესტიციდები, ნარჩენები, ტრანსცხიმები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები, სალმონელა, ლისტერია). ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის, სააგენტოს ვეტერინარებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს 1 964 587 ვეტერინარული მანიპულაცია; იდენტიფიცირებულია 184 774 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი; სეზონური გადარეკვისას, გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავდა 327 453 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, გააქტიურდა ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლი. აქტიურად მიმდინარეობს მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, მათ შორის, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი, – აღნიშნულია ინფორმაციაში.