ტრამპი Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების გამოყენებას 2023 წელს შეძლებს

კომპანია Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების განუსაზღვრელი ვადით დაბლოკვის გადაწყვეტილება შეცვალა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რიგი პირობების შესრულების შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშების გამოყენებას 2023 წელს შეძლებს.

„გარემოებების სიმძიმის გათვალისწინებით, რამაც დონალდ ტრამპის ანგარიშის დაბლოკვა გამოიწვია, მიგვაჩნია, რომ მისი ქმედებები ჩვენი წესების მკაცრ დარღვევას წარმოადგენდა. შესაბამისად, მისი ანგარიშები ორი წლით იბლოკება. დაბლოკვის ვადის ათვლა თავდაპირველი დაბლოკვის თარიღიდან, 2021 წლის 7 იანვრიდან დაიწყება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული პერიოდის ამოწურვის შემდეგ Facebook-ის ადმინისტრაცია ექსპერტებს მიმართავს, რათა შეფასდეს, შემცირდა თუ არა საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკი.

„ჩვენ შევაფასებთ გარე ფაქტორებს, მათ შორის ძალადობის შემთხვევებს, მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვებსა და სამოქალაქო არეულობის სხვა ნიშნებს. თუ დავადგენთ, რომ კვლავ არსებობს სერიოზული საფრთხე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, გავაგრძელებთ შეზღუდვის გამოყენებას განსაზღვრული ვადით, სანამ ეს რისკი არ შემცირდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში ვაშინგტონში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები