ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 8 ადამიანი დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული ინტოქსიკაციით შეიყვანეს
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში რვა ადამიანი დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით მოათავსეს.
პაციენტების ასაკი 18-დან 35 წლამდეა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორი მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენ პაციენტებს ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები და ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.
„დღის განმავლობაში შოკის დარბაზში შემოყვანილია 8 პაციენტი, აქედან ორი თვითდინებით არის შემოყვანილი, უგონო მდგომარეობაში. პაციენტები, სასიცოცხლო ჩვენებით, გადაყვანილნი არიან მართვით სუნთქვაზე. მათ ჩაუტარდათ კვლევები, სათანადო დახმარება, რის შემდეგადაც ისინი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ. დანარჩენი ექვსი პაციენტი მოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ექვსივეს აღენიშნება ერთნაირი სიმპტომები, გაფართოებული გუგები, არიან დეზორიენტირებულები. აღენიშნებათ ღებინება, არიან უმართავები.
ყველა მათგანი კონსულტირებულია ტოქსიკოლოგის მიერ. ნაწილი მოთავსდა სომატორული განყოფილების ინტენსიურ პალატაში, ნაწილი, ჯერჯერობით, ემერჯენსში რჩება. გამომწვევი მიზეზი, ძირითადად, არის დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალების ტოქსიკური ეფექტი“, – განაცხადა საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაია ესებუამ.