მაღაზიაში განზრახ დატოვებული შუქი და გადამწვარი თეატრი – თბილისი, 1874 წელი

ეს თეატრი უდაოდ და უეჭველად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ, ყველაზე უფრო წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რაც კი შეუძლია წარმოიდგინოს ადამიანმა. იგი ღირსია აღტაცებისა და მიბაძვისა დასავლეთში.

ეს ამონარიდი 1851 წლის 25 ოქტომბერს პარიზის ცნობილ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიიდანაა.

სტატიის ავტორი ედმონდ დე ბარიერი იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდერიის მიერ ტფილისში აგებულ თეატრზე წერდა. ეს იყო პირველი სპეციალური სათეატრო ნაგებობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. შენობაში, გარდა თეატრისა, არსებობდა  სავაჭრო სათავსოები, ამიტომ მას ხშირად იხსენიებდნენ, როგორც ქარვასლას, თეატრს ან თეატრალურ შენობას დუქნებით.

მაღაზიები და სავაჭრო საწყობები დამატებული იყო წმინდა კომერციული მიზნით, მთავარი კი, თეატრი იყო. ქარვასლისა და თეატრის შენობა წარმოადგენდა ოთხსართულიან, გეგმით მართკუთხა ნაგებობას. ცენტრალურ ნაწილს იკავებდა თეატრი, რომელიც გათვლილი იყო 700-მდე მაყურებელზე: 180 ადგილი პარტერში, 22 ლოჟა პირველ იარუსზე, 25 – მეორეზე, 250 ადგილი – ქანდარაზე. გარდა ამისა, შენობაში იყო 266 დიდი და პატარა კომერციული სათავსო. თეატრი მხატვრულად გრიგოლ გაგარინმა გააფორმა, რომელიც 1848-1854 წლებში თბილისში ცხოვრობდა.

1851 წლის 10 აპრილს თეატრი საზეიმოდ გაიხსნა გრანდიოზული ბალ-მასკარადით.

1851 წლის 9 ნოემბერს თეატრში პირველად წარმოადგინეს დონიცეტის ოპერა, „ლუჩია დი ლამერმური“. სკეპტიკოსების გასაკვირად, თეატრმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. საოპერო სპექტაკლებზე ბილეთები სააბონემენტო სისტემით გაიცემოდა: ოპერისთვის ორი აბონემენტი გამოუშვეს – თითოეული 12 სპექტაკლზე. ერთი აბონემენტის სპექტაკლები პარასკევობით იმართებოდა, მეორესი – სამშაბათობით. ზედა რიგის ლოჟები 50 მანეთი ღირდა, ქვედა რიგისა – 40, პარტერის პირველი სამი რიგი – 15, ხოლო მე-4 რიგიდან დაწყებული – 10. ქანდარა 30 კაპიკი ღირდა. ფასები ისე იყო განაწილებული, რომ, მდიდრებთან ერთად, ღარიბებსაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, სპექტაკლს დასწრებოდნენ. ქანდარა, თურმე, ყოველთვის გადაჭედილი იყო უბრალო ხალხით.

1874 წლის 11 ოქტომბერს, ხანძრის შედეგად, თეატრი მთლიანად დაიწვა. იმ დღეს თეატრში პოპულარული სპექტაკლი, „ნორმა“ უნდა ეჩვენებინათ. ხანძარი სპექტაქლის დაწყებიდან ერთი საათით ადრე გაჩნდა. როგორც იმდროინდელი პრესა წერდა, ერთ-ერთი მაღაზიის პატრონს, ვინმე ყაზაროვს მაღაზიაში შუქი განზრახ დაუტოვებია. როგორც ამბობენ, ყაზაროვს საქმე კარგად ვერ მისდიოდა და იმედოვნებდა, რომ ამ ხერხით დაზღვევის ფულს მაინც იშოვიდა. ყაზაროვს 9-წლიანი კატორღა მიესაჯა. 1879 წელს შენობა აღადგინეს, თუმცა უკვე თეატრის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები