“ეს კაცი მართლა საცემია, მაგრამ არ მიცემია და რა ვქნა” – გიგი უგულავა ამნისტიაზე უარს ამბობს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა მის მიმართ წარდგენილ ძალადობის ბრალდების ამნისტირებაზე უარს ამბობს.
მისი თქმით, მას ამნისტია არ სჭირდება, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია.
“ხელისუფლება შეეჩვია, ჩადის დანაშაულს და აქეთ მადლობები უნდა უხადო ამნისტიის გამო. ახლა ვხედავთ, რაც გააკეთეს 20 ივნისის ამნისტიაზე. მე ამნისტია არ მჭირდება, დანაშაული არ ჩამიდენია, გავაშელიშვილი არ მიცემია. ის არის თავდამსხმელი, არ მივცემ ჩაფარცხვის უფლებასა და საშუალებას. მირჩევნია, უსამართლო სასამართლოში ვიარო და მომისაჯონ, რაც უნდათ, რომ მომისაჯონ, ვიდრე მივიღო ის ამნისტია, რადგან ამის მიღება ნიშნავს დავთანხმდე იმას, რომ ვცემე ბადრი გავაშელიშვილი. ეს კაცი არის ზონდერი. დეგრადირებული ადამიანია, ეს კაცი მართლა საცემია, მაგრამ არ მიცემია და რა ვქნა”, – აცხადებს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, გიგი უგულავას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი გაიმართა. აღნიშნული საქმის პროკურორის, ნათია გურულის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე უგულავასთვის ამნისტიის კანონპროექტის გამოყენების შესახებ დაზარალებული ბადრი გავაშელიშვილის პოზიცია უნდა მოესმინათ, რაზეც უგულავამ უარი განაცხადა.