დენის შმიგალი: მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია” წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ
“მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია” წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოს მჭიდრო კულტურული კავშირები აქვთ.
„ძვირფასო მეგობრებო, უკრაინასა და საქართველოს აქვს ძალიან დიდი ხნის ისტორია, მჭიდრო კულტურული კავშირები და ხალხებს შორის კონტაქტები. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, არის ჩვენი მწერალი, პოეტი ქალბატონი ლესია უკრაინკა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება ლესია უკრაინკას ახალი მუზეუმ- ბიბლიოთეკის შენობის მშენებლობა სურამში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მიერ მიღწეული შეთანხმებები რეალიზებული იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ გავაღრმაოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების წინ წაწევას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მე მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია” წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს”, – განაცხადა დენის შმიგალმა.