მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი ღარიბაშვილისა და უკრაინის პრემიერმინისტრის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის განსაკუთრებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის პოზიცია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის ერთგულების მიმართ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა უკრაინელ კოლეგას უკრაინის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და უკრაინისთვის საერთო გამოწვევას – რუსეთის მხრიან მომდინარე საფრთხეებსა და ოკუპაციის მძიმე შედეგებს შეეხო. საქართველოს პრემიერმინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები, დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ფართოვდება და სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო გასაზრდელად, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად გამოყენება. ასევე, ხაზი გაესვა ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებსა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და უკრაინას თანამშრომლობას. მხარეების შეფასებით, გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოსა და სუამის ფორმატებში თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და ურთიერთმხარდაჭერის კარგი შესაძლებლობაა.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში, ორი ქვეყნის პრემიერმინისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ – უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრი – ოლეგ ნემჩინოვი, უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი – ოლეკსანდრ ტკაჩენკო, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში  – ოლენა კოტლიაროვა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – იგორ დოლგოვი; ხოლო, საქართველოს მხრიდან – ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში – თეიმურაზ შარაშენიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები