ჰაჩიკოს უკანასკნელი ფოტო
ეს ჰაჩიკოს ბოლო ფოტოა – ყველაზე ერთგული ძაღლის. ფოტოზე გამოსახულია მისი მეპატრონის მეუღლე – იაეკო უენო (პირველი რიგი, მარჯვნიდან მეორე) და სადგურის თანამშრომლები, რომლებიც ძაღლს გლოვობენ.
ჰაჩიკო 1923 წლის 10 ნოემბერს იაპონიაში, პრეფექტურა აკიტაში დაიბადა. პატრონმა გადაწყვიტა ეჩუქებინა ლეკვი თავის ძველი მასწავლებლისთვის, პროფესორ ჰიდესაბურო უენოსთვის, რომელიც ტოკიოს უნივერსიტეტში მუშაობდა და ძაღლები ძალიან უყვარდა. პროფესორმა ლეკვს დაარქვა სახელი „ჰაჩი” (რაც იაპონურად ნიშნავს რვას), რადგან ეს მისი მერვე ძაღლი იყო.
როცა ჰაჩი გაიზარდა, იგი ყველგან და ყოველთვის დაყვებოდა თავის პატრონს. პროფესორი ყოველდღე დადიოდა სამსახურში, ამიტომ ჰაჩი აცილებდა მას სიბუიას სადგურის შესასვლელამდე, ხოლო შემდეგ, დღის 3 საათისათვის ისევ სადგურზე ხვდებოდა.
1925 წლის 21 მაისს პროფესორს უნივერსიტეტში ინფარქტი დაემართა და ექიმებმა ვეღარ შეძლეს მისი გადარჩენა. ჰაჩი მაშინ 18 თვის იყო. იმ დღეს ის ტყუილად ელოდებოდა პროფესორს სადგურზე. იმ დღიდან მოყოლებული, ჰაჩი იმავე ადგილას ყოველდღე ელოდებოდა თავის პატრონს გვიან საღამომდე.
მალე ძაღლმა გაითქვა სახელი მთელ იაპონიაში. ჰაჩი დადიოდა სიბუიას სადგურზე კიდევ 9 წელი, თავის სიცოცხლის ბოლომდე (8 მარტი 1935 წელი). გარდაცვლილი ჰაჩი იპოვეს ქუჩაში, სიბუიას სადგურთან. იგი გარდაიცვალა გულის ფილარიისაგან (გულის ჭიები), ხოლო მის კუჭში აღმოჩენილი იყო იაკიტორის რამდენიმე ჯოხი. ჰაჩის გარდაცვალების ამბავი საკმაოდ მალე მოედო იაპონიას და დიდი რეზონანსი გამოიწვია, რის გამოც ქვეყანაში გამოცხადდა გლოვის დღე. ჰაჩის ძვლები დაასაფლავეს ტოკიოს სასაფლაოზე, მისი პატრონის გვერდით, ხოლო ჰაჩის ტყავისაგან დაამზადეს ფიტული, რომელიც დღემდე ინახება ნაციონალურ მუზეუმში.