დავით ზალკალიანი: სენატორების ვიზიტი გამოხატულებაა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ის როგორც აღმასრულებელი, ისე – საკანონმდებლო შტო საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას

“სენატორების ვიზიტი გამოხატულებაა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატების როგორც აღმასრულებელი, ისე – საკანონმდებლო შტო საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სენატორების ვიზიტი დროულია.

„დიდი ხანია, საქართველოში არ განხორციელებულა სენატის დელეგაციის ვიზიტი. ჩვენ ვმასპინძლობდით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრ კონგრესმენს, მაგრამ სენატორების ვიზიტი საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხორციელდება და ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო შტოს დღის წესრიგში საქართველოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებულია. ამაზე მიანიშნებს სწორედ ის უამრავი საკანონმდებლო ინიციატივა თუ რეზოლუცია, რომელიც დაინიცირებული არის სწორედ ჩვენი მხარდამჭერი სენატორების მხრიდან. სენატორი შაჰინი და პორტმანი ასევე არიან ჩემპიონები საქართველოს მხარდაჭერაში ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. ძალიან დროული ვიზიტია. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება, რომელიც თავის ასახვას ჰპოვებს უკვე შემდგომ ნაბიჯებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები