„ბჟანიას მთავარი ოცნება სოხუმის აეროპორტის აღდგენაა, ის თავიდან ბოლომდე რუსების ხელში იქნება, აფხაზებს დამლაგებლებად თუ ამუშავებენ“

‘-ასლან ბჟანია თავისი დე ფაქტო პრეზიდენტობის პერიოდში სოხუმის აეროპორტის აღდგენას ისახავს მიზნად, ეს მისი მთავარი ოცნებაა”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამახარია სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთზე ზეწოლა ამ დროიდანვე უნდა მოხდეს.
„აფხაზეთში იმაზეც საუბრობენ, რომ ე.წ. “საგარეო პოლიტიკის” დოკუმენტიდან “საქართველოსთან დიალოგის შესახებ” პუნქტის ამოღება რუსეთის მოთხოვნა იყო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასეც იყოს. ბჟანიას მთავარი ოცნება მისი ე.წ. პრეზიდენტობის პერიოდში სოხუმის აეროპორტის აღდგენაა. 25 მაისს, როცა მან პუნქტის ამოღებას მოაწერა ხელი, აფხაზეთში „როსავიაციის“ ხელმძღვანელი ჩავიდა, სოხუმში აეროპორტის აღდგენის საკითხებზე იმსჯელეს. თავისუფლად შეიძლება, ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. ალბათ, პირობად იყო წაყენებული, როცა ამას ამოიღებთ, ჩამოვა სტუმარი და აეროპორტის საკითხებზე მუშაობას დაიწყებსო.
აეროპორტის აღდგენის საკითხი სერიოზული პრობლემაა. ვიცი, რომ ქართული მხარე ამასთან დაკავშირებით მუშაობს. მოგეხსენებათ, საერთაშორისო სამართალი იქ რაიმე ფრენების განხორციელებას კატეგორიულად კრძალავს.

სოხუმის აეროპორტი სოხუმში კი იქნება, თავიდან ბოლომდე რუსების ხელში გადავა, აფხაზებს დამლაგებლებად და მეათეხარისხოვან თანამდებობებზე თუ ამუშავებენ. როგორც რუსეთის შიდა აეროპორტში, ისე განახორციელებენ იქ ფრენებს. ასეთი საფრთხე არსებობს. ამასთან დაკავშირებით აქედანვე, სანამ იქ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულა, მეტი მუშაობაა საჭირო. რუსეთი აქედანვე უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ სანქციების ქვეშ მოექცევა. იმ კომპანიებს, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს და შემდეგ ფრენებს განახორციელებენ, აეკრძლებათ, საერთაშორისო ფრენები და ა.შ. უმრავი ბერკეტი არსებობს იმისათვის, რომ რუსეთზე აქედანვე მოხდეს ზეწოლა. პროექტის განხორციელება 2024 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. აფხაზებისთვის ეს საუკუნის მშენებლობა და მოვლენაა. ასლან ბჟანია თავისი დე ფაქტო პრეზიდენტობის პერიოდში სწორედ ამ აეროპორტის აღდგენას ისახავს მიზნად, რაც მანამდე ვერავინ მოახერხა. ბჟანის უნდა ეს როგორმე გააკეთოს, თუნდაც იმის ფასად, რომ აეროპორტს რუსეთს გადასცემს“, – განაცხადა გამახარიამ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტი მუშაობას 2024 წლის იანვარში განაახლებს.
ამის შესახებ მან “არგუმენტი ი ფაქტის“ განუცხადა.
”აეროპორტი – ნომერ პირველი ამოცანაა. ვთხოვე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინს, მან ტრანსპორტის სამინისტროს განკარგულება მისცა. იმისათვის, რომ პროექტი განხორციელდეს, და ის არ არის იაფი, მისი სავარაუდო ღირებულება 5 მილიარდ რუსულ რუბლამდეა, უნდა არსებობდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მექანიზმი. ახლა ამ საკითხით ვართ დაკავებული. ჩვენთვის განვსაზღვრეთ, რომ აეროპორტის გაშვების თარიღი 2024 წლის იანვარი იყოს”, – თქვა ბჟანიამ.
მისი თქმით, ტერმინალისთვის ახალი აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოყენება იგეგმება. ბჟანიამ იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთისთვის ევროპული ცაც გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები