„კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დადასტურდა, რომ აფხაზეთი მართლა ოკუპირებულია, უუფლებოა და სრულად დამოკიდებულია რუსეთზე“ – ჯემალ გამახარია

“ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო პოლიტიკის” დოკუმენტიდან “საქართველოსთან დიალოგის შესახებ” პუნქტის ამოღებით კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დადასტურდა, რომ აფხაზეთი მართლა ოკუპირებულია, მართლა უუფლებოა და სრულად დამოკიდებულია რუსეთზე”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამახარია საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ე.წ. “საგარეო პოლიტიკის” დოკუმენტიდან “საქართველოსთან დიალოგის შესახებ” პუნქტი ამოღებულია.

გამახარიას თქმით, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის“ ხელმოწერის გამო აფხაზურ საზოგადებაში დიდი უკმაყოფილება გაჩნდა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას ამ უკმაყოფილების გადაფარვა სურდა და, ამიტომ, ე.წ. “საგარეო პოლიტიკის” დოკუმენტში “საქართველოსთან დიალოგის შესახებ” ჩანაწერი გააკეთა.

როგორც გამახარია აცხადებს, ჩანაწერი ემსახურებოდა მიზანს, რომ აფხაზური საზოგადოების რისხვა და უკმაყოფილება არა რუსეთის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულიყო.

„როგორც ცნობილია, გასული წლის 4 დეკემბერს ბჟანიამ აფხაზეთის „საგარეო პოლიტიკის“ კონცეფციას მოაწერა ხელი, რომლის ერთი პუნქტი საქართველოსთან ურთიერთობას ეხებოდა. ჩანაწერი იყო „საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკების“ შესახებ, რომ მათ აქვთ სურვილი, საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებები აწარმოონ, სადაც განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომლებიც, ფორმატიდან გამომდინარე, ჟენევაში არ განიხილება.

ჩვენ აქ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე. მე ყოველთვის პესიმისტურად ვიყავი განწყობილი ამ დოკუმენტისა და ჩანაწერის მიმართ. ამ ჩანაწერის გაკეთებამდეც აფხაზეთთან არაოფიციალურად სხვადასხვა დონის შეხვედრები, მოლაპარაკებები ყოველთვის მიმდინარეობდა, დღესაც მიმდინარეობს და ხვალაც იქნება. ცხოვრება ორივე მხარეს აიძულებს, სხვადასხვა დონეზე კონტაქტები ჰქონდეთ. ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების სფეროებში ასეთი ურთიერთობები არსებობს.

დღესაც ყურადღებას გავამახვილებდი იმ 45 – პუნქტიან პროგრამაზე, რომელსაც მოსკოვმა და სოხუმმა გასული წლის 12 ნოემბერს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ისეთი კანონებისა და დადგენილებების მიღებას ითვალისწინებს, რომლის შედეგადაც აფხაზეთი რუსეთის სამართლებრივი სივრცეში უნდა მოექცეს. ესაა აფხაზეთის პრობლემა და არა ის ჩანაწერი, რომელიც გინდ ჩაგიწერია და გინდ არა. ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მაშინ, როცა ჩაწერეს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს, როცა ამოიღეს. ეს ჩანაწერი ემსახურებოდა მიზანს, რომ იმ 45 – პუნქტიანი დოკუმენტის ხელმოწერით გამოწვეული ხალხის უკმაყოფილება გადაეფარათ და აფხაზური საზოგადოების რისხვა, უკმაყოფილება, აგრესია მიმართულიყო არა რუსეთის, არამედ – საქართველოს წინააღმდეგ, რომელთანაც ვითომ მრავალდონიანი მოლაპარაკებები უნდა გაიმართულიყო. ე.წ. დეპუტატებმა ბჟანიას მისწერეს, რომ დოკუმენტიდან აღნიშნული პუნქტი ამოეღო. ბჟანიამ 25 მაისს ამ პუნქტის ამოღების შესახებ ბრძანებულება გამოსცა.
ხაზგასმით გავიმეორებ, როცა ე.წ. დოკუმენტში „საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკების“ შესახებ ჩანაწერი გაჩნდა, საქართველოს მაშინ არც არაფერი შეუძენია. საქართველოს მთავრობა ამაზე მაინცდამაინც არ რეაგირებდა. მე მხარს ვუჭერდი იმას, რომ არ რეაგირებდნენ, რადგან არავინ იცოდა, ეს რას ნიშნავდა.

ამ პუნქტის ამოღებით კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ დადასტურდა, რომ აფხაზეთი მართლა ოკუპირებულია, მართლა უუფლებო და სრულად დამოკიდებულია რუსეთზე“, – განაცხადა გამახარიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთში იმაზეც საუბრობენ, რომ ე.წ. დოკუმენტიდან აღნიშნული პუნქტის ამოღება რუსეთის მოთხოვნა იყო.

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასეც იყოს. ბჟანიას მთავარი ოცნება მისი ე.წ. პრეზიდენტობის პერიოდში სოხუმის აეროპორტის აღდგენაა. 25 მაისს, როცა მან პუნქტის ამოღებას მოაწერა ხელი, აფხაზეთში „როსავიაციის“ ხელმძღვანელი ჩავიდა, სოხუმში აეროპორტის აღდგენის საკითხებზე იმსჯელეს. თავისუფლად შეიძლება, ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან დავაკავშიროთ. ალბათ, პირობად იყო წაყენებული, როცა ამას ამოიღებთ, ჩამოვა სტუმარი და აეროპორტის საკითხებზე მუშაობას დაიწყებსო“, – განაცხადა გამახარიამ.

შეგახსენებთ, ე.წ. საგარეო პოლიტიკის დოკუმენტი სოხუმში გასული წლის დეკემბერში მიიღეს. ე.წ. დოკუმენტში „საქართველოსთან მრავალდონიანი ურთიერთობის“ შესახებ იყო საუბარი. აღნიშნულ პუნქტს დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიმართ ოპოზიციური ძალების მიერ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია “არუაამ” საქართველოსთან კონტაქტების დამყარების მცდელობისთვის ბჟანიას გადადგომა მოითხოვა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები