პოლ მაკარტნი მზიურის კაფეს 5 წლის იუბილეს ულოცავს – ეწვევა თუ არა ლეგენდარული მომღერალი საქართველოს
ლეგენდარულმა მუსიკოსმა, პოლ მაკარტნიმ მზიურის კაფეს 5 წლის იუბილე მიულოცა.
მაკარტნიმ პატარა, ქართული, სოციალური კაფის შესახებ მისი მფლობელის, ანა გოგუაძის დიდი ძალისხმევის შედეგად შეიტყო. ფოტოც კი გამოაგზავნა სპეციალურად მზიურის კაფესთვის გადაღებული და ნებართვაც მისცა გასავრცელებლად.
სოციალურმა კაფემ, რომელიც კამპანია “უხორცო ორშაბათის” წევრია, პოლ მაკარტნის აღფრთოვანებაც დაიმსახურა და იუბილეს მისალოცი წერილიც მიიღო.
“ჩვენ გახსნის დღიდან კაფეში გვქონდა ასეთი სლოგანი – #Chamova. ზოგი ხუმრობითაც უდგებოდა ამას. რას ნიშნავს ეს სიტყვა – რომ ერთხელაც პოლ მაკარტნი საქართველოში ჩამოვა და ექნება ლანჩი მზიურის კაფეში. იმდენად აიტაცა ყველამ ეს იუმორისტული სლოგანი, რომ ინტერნეტის პაროლადაც კი ეგ გვაქვს.
მზიურის კაფე 2018 წლიდან არის საერთაშორისო კამპანია meat free mondays-ს ოფიციალური წევრი.
ორგანიზაციამ სულ იცოდა ჩვენ შესახებ და გვიგზავნიდნენ თავიანთ სიანფორმაციო მასალებს, რომელიც ყოველთვის იყო განთავსებული კაფის ტერიტორიაზე. პანდემია რაც დაიწყო, ყველაფერი შეიცვალა.
წელს მზიურის კაფე გახდა 5 წლის. რამდენიმე დღის წინ მივწერე ქალბატონ სუზანს, რომელიც მეკონტაქტებოდა ორგანიზაციის სათავო ოფისიდან და გულითადი წერილი გავუგზავნე ჩვენ შესახებ. დავურთე საპრეზენტაციო ფაილიც, სადაც ფოტოებით იყო აღწერილი, როგორი იყო მზიური ადრე და როგორი გახდა ახლა. ზოგადად, ჩვენი კაფის მიზნების შესახებაც მოვუყევი, იმ განხორციელებული პროექტების შესახებაც – რასაც ატარებს ეს სოციალური კაფე და ვუთხარი ისიც, რომ, პანდემიის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებთ იმის დაჯერებას, რომ პოლ მაკარტნი ერთხელაც საქართველოში ჩამოვა-მეთქი. ვთხოვე, იქნებ, როგორმე მიაწვდინოთ ხმა, რომ რამე მაინც მოგვწეროს ისეთი, რასაც შემდეგ დავბეჭდავთ ან გამოვიყენებთ სოციალურ ქსელებში იმის დასტურად, რომ რისიც ძალიან გჯერა, ყველაფერი საბოლოოდ გამოდის. ამ ქალმა მომწერა, რომ ვერაფერს გპირდებიო, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, რამენაირად დაგეხმაროთო.
პარასკევს მომივიდა წერილი, რომ ვანახეთ პოლ მაკარტნის მზიურის ფოტოები და ის ფიქრობს, რომ წარმოუდგენლად დიდი შედეგი არისო და ასეთი მოლოცვაც გამოგვიგზავნა ოფიციალური ფოტომასალით, ასევე, მოგვცა უფლება, დავბეჭდოთ მისი ფოტო და გამოვაქვეყნოთ მისი მოლოცვა.
ამ ინტერნეტის პაროლთან დაკავშირებით როცა ვეუბნებოდით მომხმარებელს, სულ გვეკითხებოდნენ – ვინ ჩამოვა? პასუხი იყო პოლ მაკარტნი და რაღაც იუმორით უდგებოდნენ ყოველთვის. დღეს, აი, ახლაც იმხელა გამოხმაურება მოჰყვა ამ წერილს.. სუზანმაც მომწერა, ჩვენს ყველა სოციალურ პლატფორმაზეც გამოვაქვეყნებთო და, მათ შორის, მაკარტნის ოფიციალურ გვერდზეცო. პოლ მაკარტნიმ საქართველოს შესახებ, ფაქტობრივად, მზიურის კაფედან გაიგო და კიდევ კარგად ვერ ვხვდები, რამხელა შედეგზე გავედით”, – ამბობს “კვირასთან” ანა გოგუაძე.
ანა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მხოლოდ თავის კი არა, ბევრი ჩვენგანის ოცნებას, რომ პოლ მაკარტნი საქართველოში იხილოს და ცოცხლად მოუსმინოს მის შესრულებას. მიზნის საბოლოოდ მისაღწევად კი დახმარებას თბილისის მერსა და საქართველოს მთავრობას სთხოვს.
“ცოტა ხნის წინ ჩემს პოსტში დავთაგე საქართველოს მთავრობაც და კახა კალაძეც. სადაც პატარა კაფემ ამდენი შეძლო, რომ მართლაც ლეგენდარულ მუსიკოსს გაეგო საქართველოს შესახებ, ე.ი. ყველაფერი შესაძლებელია. თუ თვითონაც მოინდომებენ, ჩვენც დავეხმარებით და ჩამოვიყვანთ ამ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში.
მე ვფიქრობ, რომ თუ გვინდა ტურიზმის განვითარება, საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით, ამ ადამიანის ჩამოყვანა თუნდაც პატარა კონცერტით ან რაიმე საღამოთი, იმიტომ რომ პანდემიაა, ახლა მაინც, სახელმწიფო თუ მოინდომებს და გულით გააკეთებს, ნამდვილად გამოვა.
ადრე ყოველთვის ჰქონდათ ის მიზეზი, რომ მაკარტნი ძვირადღირებული და იმ დონის მომღერალია, რომ საქართველოს არ აქვს მისი ჩამოყვანის შესაძლებლობა და ახლა ისეთი რაღაც მოხდა, თუ მართლა გულით მიუდგებიან ამ საქმეს, ისევ ჩვენივე ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი პოლ მაკარტნის ჩამოსვლა“, – თქვა ანა გოგუაძემ.
მისივე თქმით, მზიურის კაფე ამიერკავკასიაში ერთადერთი კაფეა, რომელიც Meat free monday-ს წევრია და ორშაბათობით მათი მენიუ მთლიანად მორგებულია ორგანიზაციის წესებს.
“უხორცო ორშაბათი” (Meat Free Monday) მთელს მსოფლიოში ხორცის მოხმარების შემცირებასა და ამით როგორც ადამიანების ჯანმრთელობის, ასევე, პლანეტის გაფრთხილებას ისახავს მიზნად.